
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაჩქარებული წესით ითხოვს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თუ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ მოხდება, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი ვალდებული იქნება 2019 წელს ჩასატარებელი გამოცდებისათვის დაიწყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
„კანონპროექტი განხილულ უნდა იქნეს დაჩქარებული წესით, რაც განპირობებულია იმ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის საჭიროებით, რის საფუძველზეც წესრიგდება სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარება. შესაბამისი ცვლილების დაჩქარებული წესით განუხორციელებლობის შემთხვევაში, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი ვალდებული იქნება 2019 წელს ჩასატარებელი ზემოაღნიშნული გამოცდებისათვის დაიწყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რაც თავის მხრივ გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების დაგეგმვას, გამოცდის პროცესის ორგანიზებას, რეგისტრაციას და სხვა საჭირო ეტაპების დანიშვნას“.