
უკვე წლებია რაც, პედაგოგები და პარლამენტარები „ეტალონის“ სატელევიზიო გადაცემის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაბრუნებას ითხოვენ. გასულ წელს 84-მა პარლამენტარმა პეტიციით მიმართა არხის მენეჯმენტს, თუმცა შედეგი მას შემდეგაც ვერ დადგა, როდესაც საქართველოს 34 698-მა პედაგოგმა ხელმოწერები შეაგროვეს.
27 დეკემბერს პარლამენტში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ანგარიში წარადგინა ბორდის თავჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ, სადაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ მარიამ ჯაშმა დააყენა საკითხი, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იზრუნებს „ეტალონის“ სატელევიზიო გადაცემის „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაუბრუნებაზე. მარიამ ჯაშს მხარი დაუჭირა ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ.
მარიამ ჯაში: „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ წლების მანძილზე მუშაობდა და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსწავლე-ახალგაზრდობაზე ორიენტირებული პროგრამა „ეტალონი“, რომელიც საზოგადოებაში ასევე ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. მინდა გთხოვოთ, რომ სამუშაო ფორმატში განვიხილოთ სატელევიზიო გადაცემა „ეტალონის“ დაბრუნების შესაძლებლობა. მე მარტო არ ვარ, ამ წინადადებაში, მიერთდება არაერთი კოლეგა და მინდა ვიმსჯელოთ იმ კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომ სამომავლოდ დაბრუნდეს ტელეეთერში.
სიმონ ნოზაძე: „ეტალონზე“ მინდა, რომ მეც ვთქვა. გასულ წელს დავესწარი ფინალურ ღონისძიებას ოპერისა და ბალეტის თეატრში. ის რაც მე იქ ვნახე ძალიან შთამბეჭდავი იყო, გადავსებული დარბაზი, სახელმწიფო დროშების ფრიალი და უამრავი ახალგაზრდა და მათ შორის არაქართული ეროვნების მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ისტორიისა და ქართული ლიტერატურისა ცოდნაში. წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო ჩამოსული პანკისიდან, მშობლები უამრავი ადამიანი. მეც მიმაჩნია, რომ უნდა ვიზრუნოთ „ეტალონის“ დაბრუნებაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მეც შემოვუერთდები სამუშაო ჯგუფს თუ ამ თემაზე შეხვედრას ჩავატარებთ.
„ეტალონი“ - როგორც სატელევიზიო პროექტი 2005 წლიდან არსებობს ქართულ ტელესივრცეში და მიზნად ისახავს ქვეყნის მოსწავლე ახალგაზრდობის დაინტერესებას სწავლა-განათლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.