საქართველოში სტუდენტებს, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების მაღალი მზაობა აქვთ
27-11-2018
საქართველოში უმაღლესი საგანმამანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა ნახევარი ფიქრობს, რომ მათ საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების მაღალი მზაობა აქვთ. ამგვარი თვითშეფასებით ისინი უსწრებენ ევროპის ისეთი ქვეყნების უნივერსიტეტების სტუდენტებს, როგორებიცაა ავსტრია, საფრანგეთი, ნორვეგია და სხვა.

ევროპის ქვეყნებში განხორციელებულ საერთაშორისო კვლევის - ევროსტუდენტი VI-ის შედეგების მიხედვით, საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებისთვის მზადყოფნას მკვეთრად ოპტიმისტურად აფასებენ, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის პრობლემა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა უმუშევრობის 13.9%-იანი მაჩვენებლით. უფრო მეტიც, კვლევის მონაწილე სხვა ევროპულ ქვეყნებს შორის, საქართველოს უსდ-ების სტუდენტებს ყველაზე მაღალი მზაობა აქვთ ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებისთვის. მეტი სიზუსტისთვის, დასაქმების მაღალი მზადყოფნა აქვს საქართველოს უსდ-ების პროგრამების სტუდენტთა 80% პროცენტს.

"შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ უმაღლესი განათლების მქონე კადრებით გაჯერებული შრომის ბაზარი სტუდენტებისთვის არ წარმოადგენს დასაქმებისთვის მზადყოფნის დაბალი შეფასების საფუძველს, რადგან ისინი შესაძლოა არაკონკურენტუნარიანებად, თუმცა ხარისხიანი განათლების შედეგად მომზადებულ, მომავალ კვალიფიციურ კადრებად გრძნობენ თავს. თუმცა, სტუდენტების თვითშეფასების განხილვა საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების მზადყოფნასთან მიმართებაში, ცხადყოფს, რომ სტუდენტების თვითშეფასება ცალსახად მაღალია",-ნათქვამია ipm research-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


საქართველოს უსდ-ებში გამოკითხული სტუდენტების ნახევარი (51%) ფიქრობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებისთვის, მიმდინარე სასწავლო პროგრამის დამთავრების შემდეგ, (ძალიან) კარგად მომზადებული იქნება. მათი თვითშეფასება საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების მზადყოფნის კუთხით, უფრო მაღალია, ვიდრე მაგალითად, ავსტრიის (42%), საფრანგეთის (39%) ან ნორვეგიის უნივერსიტეტების სტუდენტებისა (24%).

ქართული უსდ-ების სტუდენტები ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპული ქვეყნების სტუდენტებთან შედარებით, თვითშეფასებაში უმნიშვნელოდ ჩამორჩებიან მხოლოდ ფინეთის (55%) და ირლანდიის (52%) უნივერსიტეტების სტუდენტებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203