უმაღლესებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები განისაზღვრა
25-10-2018

2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები დამტკიცდა.

ეს წესი ადგენს 2018-2019 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამულ მიმართულებას/მიმართულებებს, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო (შემდგომში – პრიორიტეტული პროგრამული მიმართულება) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს.

პროგრამული დაფინანსების გზით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება მიზნად ისახავს:

ა ) უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობას;

ბ ) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების განვითარებასა და ახალგაზრდების დაინტერესებას აღნიშნული მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად.

2018-2019 სასწავლო წელს პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებებია:

ა) აგრარული მეცნიერებანი;

ბ) განათლება;

გ) ინჟინერია;

დ) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

ე) სოციალური მეცნიერებები;

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებანი;

ზ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების წლიური მოცულობები განისაზღვრება შემდეგი ოდენობებით:

ა ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,756,250 ლარი ;

ბ ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 4,050,000 ლარი ;

გ ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 900,000 ლარი ;

დ ) სსიპ – აკაკი წერეთლის   სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,182,500 ლარი ;

ე ) სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1,035,000 ლარი ;

ვ ) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 450,000 ლარი ;

ზ ) სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 630,000 ლარი ;

თ ) სსიპ – სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 720,000 ლარი .

იხილეთ ბრძანების სრული ვერსია.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203