მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელთა თანამდებობზე კანდიდატები წარადგინა
04-10-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მოადგილისა და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების ხელმძღვანელთა ვაკანტურ თანამდებობებზე შერჩეული კანდიდატები წარადგინა:

  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი - ბერიკა შუკაკიძე;
  • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი - ზვიად გაბისონია;
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი - სოფო გორგოძე;
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი - გიორგი ვაშაკიძე.

მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი დაასახელა. მისივე თქმით, ზედგინიძის საკურატორო სფერო სამინისტროს ადმინისტრაციული საქმიანობის ყველა მიმართულების კორდინაცია და მონიტორინგი იქნება.

ბატიაშვილის განცხადებით, 2018 წლის 31 ოქტომბრიდან მინისტრის მოადგილის თანამდებობას ალექსანდრე თევზაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვებს. 

აღსანიშნავია, რომ მინისტრს არ დაუსახელებია მანდატურის სამსახურის უფროსის ვინაობა. მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის პროცესი დასრულებული არ არის. მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი იყო. მან პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

Etaloni.ge შეგახსენებთ, რომ თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მანანა მიქაბერიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

ამასთან, თანამდებობები დატოვეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203