
განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, თანამდებობებიდან მინისტრის მოადგილეები და განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების ხელმძღვანელები გათავისუფლდნენ.
თანამდებობები დატოვეს: გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გია მაჩაბელმა, ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორმა მანანა მიქაბერიძემ.
პოსტი ასევე დატოვეს მინისტრის მოადგილეებმა ლია გიგაურმა და თემურ მურღულიამ.
„განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის ზრდა არის მიზანი და ამ პროცესს ახალი საკადრო პოლიტიკა და ენერგია სჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის. ცვლილებები გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, " - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.