რა ცვლილებები ელით აბიტურიენტებს მომავალ წელს გეოგრაფიის გამოცდაზე - დეტალები გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელისგან
2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გეოგრაფიის ტესტს მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჯერ კიდევ ივნისში, Etaloni.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კონკრეტულად რა ცვლილებებს უნდა ელოდონ აბიტურიენტები და რა საკითხებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გოგელიძე გვესაუბრა:
„გეოგრაფიის გამოცდის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით

მალე შევხვდებით უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს, რომლებიც გეოგრაფიის მიმართულებით მუშაობენ, ასევე გეოგრაფიულ საზოგადოებასა და გეოგრაფიის ინსტიტუტს. ვიმსჯელებთ ტესტის შინაარსობრივ მხარეზე და შევჯერდებით ტესტის საბოლოო ფორმატზე. მანამდე გეტყვით, რომ გვინდა გეოგრაფიის გამოცდაზე მეტად კეთდებოდეს აქცენტი ცოდნის ანალიზსა და საკუთარი აზრის არგუმენტაციაზე. ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მთვარი მიზანი სწორედ ესაა. სამწუხაროდ, სკოლებში მაინც დამკვიდრებულია ძველი მეთოდიკა - მიმდინარეობს ქედების, მდინარეებისა და ადგილების დასწავლა, პროცესებსა და მოვლენებზე საკუთარი აზრის გამოთქმა კი მეორე პლანზეა გადასული. სკოლამ კი მოსწავლეს კრიტიკული აზოვნების უნარი უნდა გამოუმუშაოს. შესაბამისად, იმ დავალებების პროცენტული წილი, რომელიც საკუთარი აზრის არგუმენტაციასა და ინფორმაციის ანალიზს მოითხოვს, გაიზრდება. შემოსახაზი დავალებების (დახურულბოლოიანი დავალებები, სადაც სწორი პასუხის არჩევაა საჭირო) რაოდენობა კი შემცირდება. 33 დავალება ნამდვილად აღარ იქნება შემოსახაზი, რაც ამ წელს იყო. სწორედ ამგვარი ტიპის დავალებების გამო უადვილდებათ აბიტურიენტებს ზღვრის გადალახვა და ამიტომაც ირჩევენ მეოთხე, არჩევით საგნად გეოგრაფიას. ტესტში ცვლილების შემდეგ მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა, სავარაუდოდ, ისეთი მარტივი ვეღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. თუმცა ისეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომ აბიტურიენტები დაზარალდნენ,“ - აღნიშნა დავით გოგელიძემ.
მისივე თქმით, გეოგრაფიის გამოცდის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას აბიტურიენტები უახლოეს პერიოდში გაეცნობიან:
„როდესაც საბოლოო ფორმატზე შევჯერდებით, ყველა დაინტერესებულ პირს, აბიტურიენტებს, რომლებიც გეოგრაფიის გამოცდის ჩაბარებას აპირებენ, საშუალება ექნებათ, ჩვენი საიტის მეშვეობით გაცნონ სიახლეებს. საიტზევე განვათავსებთ დავალებების ნიმუშებს,“ - განაცხადა დავით გოგელიძემ.
გეოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელმა 2019 წლის აბიტურიენტებს რჩევებიც მისცა:
„აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ღია დავალებებზე გაამახვილონ ყურადღება, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ამ ტიპის დავალებები უჭირთ, სადაც საკუთარი აზრის დაფიქსირება და არგუმეტნაციაა საჭირო. ყურადღებით გაეცნონ დავალების შესრულების ინტრუქციას, ასევე ჩვენს საიტზე განთავსებული ტესტების ნიმუშებს,“ - განაცხადა დავით გოგელიძემ
Etaloni.ge-სთან საუბრისას.