ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 27 906 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
30-08-2018
„2018 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 27 906 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა,“- ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საბოლოო შედეგების ნახვას აბიტურიენტები დღეს 13:00-დან შეძლებენ.

„დღეს 13:00-ზე განთავსდება ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების თაობაზე. წელს ეროვნული გამოცდების შედეგად 27 906 ახალგაზრდა გახდა სტუდენტი. ეს აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 70%-ია. შარშანაც დაახლოებით ანალოგიური რაოდენობა გახდა სტუდენტი (შარშან 28 176 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი),“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფომ სრულად დააფინანსა, 10 614-ია:

„იმ სტუდენტთა საერთო რაოდენობა, რომლებმაც მოიპოვეს დაფინანსება (აქ იგულისხმება როგორც სახელმწიფო გრანტი, რომელიც აბიტურიენტმა გამოცდების შედეგებით მოიპოვა და ასევე ის ფაკულტეტები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება) - 10 614-ია. მათგან სახელმწიფო გრანტი (გამოცდის შედეგების მიხედვით) მოიპოვა 6 543-მა სტუდენტმა, 4 071 - კი სახელმწიფომ სრულად დააფინანსა (ჩაირიცხნენ ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე). 100%-იანი გრანტი 1000-ზე ოდნავ მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, 70%-იანი - 1500-მდე აბიტურიენტმა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება - 4000-მდე აბიტურიენტმა,“ - აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში ვაკანტური ადგილების რაოდენობას, მაია მიმინოშვილის განცხადებით, 14 569 ადგილი დარჩა ვაკანტური.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, გაზრდილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ აბიტურიენტთა რიცხვი, როლებიც ქართულის ენის მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხნენ. ჯამში, პროგრამაზე 1211 აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი და ოსურენოვანი აბიტურიენტი ჩაირიცხა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს  დაიწყო და 26 ივლისს დასრულდა. საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203