
ღუდუშაურის კლინიკაში, უშგულში დაშავებული ახალგაზრდის, 19 წლის ბექა ნიჟარაძის დიაგნოსტიკური კვლევები დასრულდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტი ჩვენს კლინიკაში მოყვანილია სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევა და კონსულტაციები. ამ დროისთვის ის ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით, სტაციონარის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში რჩება“, - განაცხადა ლიკა ჯაჯანიძემ, კლინიკის ექიმმა.
უშგულში, 20-25 მეტრის სიმაღლის კოშკიდან ბექა ნიჟარაძე გუშინ საღამოს გადმოვარდა.
ახალგაზრდა უშგულის მკვიდრია. ის მოყვარული მთამსვლელია.
მას გადმოვარდნის შემდეგ გონება არ დაუკარგავს, თუმცა ძლიერი ტკივილები ჰქონდა და სიარული არ შეეძლო.