ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გუშინ გახდა ცნობილი. საკუთარი ნაშრომის პირველადი შეფასება 2200-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა, მათგან 20%-ს ქულა შეეცვალა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, უმეტეს შემთხვევაში, ქულის მომატების პრეცედენტი დაფიქსირდა:
„2200-ზე მეტი განაცხადიდან 400-ზე მეტს შეეცვალა ქულა, დაახლოებით 20%-ს. უმრავლესობას ქულა მოემატა, ერთეული შემთხვევებია ქულის დაკლების. საგანი, რომელშიც ყველაზე მეტი შემთხვევაა ქულის შეცვლის - ქართული ენა და ლიტერატურაა. არა პროცენტულად, არამედ რაოდენობრივად, რადგან ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი სწორედ ქართულში შემოვიდა. ასევე ქართულში იყო შემთხვევა, როდესაც აპლიკანტს ყველაზე მეტი - 6 ქულა მოემატა. არა კონკრეტულ ერთ დავალებაში, არამედ ჯამში. რამდენიმე დავალების შედეგი ჰქონდა მას გაპროტესტებული და ყველაში მოემატა ქულა, ზოგში - 1, ზოგში - 2 და ჯამში გამოვიდა - 6 ქულა“, - განაცხადა ივა მინდაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი უნარების გამოცდა სკანერით სწორდება და შეცდომის ალბათობაც პრაქტიკულად არ არსებობს, 300-მდე აბიტურიენტმა მაინც გაასაჩივრა პირველადი შედეგი:
„ზოგად უნარებში საკმაოდ ბევრი განაცხადი იყო შემოსული, დაახლოებით 300-მდე. არც ერთ მათგანს ქულა არ შეცვლილა. ზოგადი უნარების პირველად შედეგეს ყოველწლიურად აპროტესტებენ აბიტურიენტები, თუმცა არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც აპელაციის შემდეგ ქულა შეცვლილიყოს,“ - აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.
რაც შეეხება უცხოურ ენებს, ივა მინდაძის განცხადებით, ინგლისურ ენაში აპელაციის შედეგად დაახლოებით 20%-ს შეეცვალა პირველადი ქულა, ფრანგულში სამი განაცხადი იყო და სამივე დაკმაყოფილდა, ხოლო რუსულის 350-მდე განაცხადიდან, არც ერთ შემთხვევაში არ შეცვლილა ქულა.
იმ აბიტურიენტებს, ვისაც აპელაციის შედეგად ქულა შეეცვალა, გასაჩივრებაში გადახდილი თანხა უკან დაუნრუნდება. ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, სააპელაციო თანხის დაბრუნების პროცედურა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე გამოქვეყნდება.