„ყოველ წელს არ არის ასეთი შემთხვევა“ - სოფო დოლიძე ზოგადი უნარების შედეგებზე
02-08-2018
„წელს ზოგადი უნარების გამოცდაზე მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა შეძლო მაქსიმალური ქულის (80) აღება,“ - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ Etaloni.ge-ს განუცხადა.

„ძალიან სასიხარულოა, რომ წელს გვაქვს ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე-4 ვარიანტში 80 ქულა აიღო აბიტურიენტმა. ყოველ წელს არ არის ასეთი შემთხვევა. გვიხარია, რომ არსებობს განსაკუთრებული უნარების მქონე აბიტურიენტი. გვყავს ასევე 79, 78 და 77 ქულიანი აბიტურიენტები,“ - აცხადებს სოფო დოლიძე. 

მისივე თქმით, წელს ყველაზე რთული მე-2 ვარიანტი აღმოჩნდა. ამ ვარიანტის აბიტურიენტებისთვის ბარიერი შედარებით ნაკლები, 22 ქულა იქნება.

„ტესტის სირთულეს ვადგენთ აბიტურენების ნაშრომების საფუძველზე, თუ როგორ შეასრულეს მათ ტესტის თითოეული დავალება. თითოეული დავალების სირთულიდან გამომდინარე კი საშუალო სირთულეს განვსაზღვრავთ,“ - აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება სკალირების პრინციპს, სოფო დოლიძის თქმით, მისი მთავარი ამოცანაა, რომ ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში იყოს:

„სკალირება ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა, მით უმეტეს, როდესაც ვარიანტებს შორის არის განსხვავება სირთულის თვალსაზრისით და შეუძლებელია, რომ განსხვავება არ იყოს. სკალირების პროცედურას მივმართავთ იმისათვის, რომ ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში იყოს და არ დაიჩაგრონ ისინი, ვინც რთული ვარიანტი შეასრულეს. ამასთან, არ მინდა, აბიტურიენტებს ჰქონდეთ წარმოდგენა, რომ რთული ვარიანტის, მაგალითად, მე-2 ვარიანტის ყველა აბიტურიენტს ერთნაირად დაემატება რაღაც კონკრეტული ქულა. ეს არასწორი წარმოდგენაა. არ არის ასე, რომ მოჭრილად ყველას ერთი და იგივე ქულა დაემატება. 4-ვე ვარიანტის ქულების განაწილება რომ წარმოვიდგინოთ თითოეულ ქულაზე ვითვლით, ყველაზე მარტივი, მაგალითად, 10 ქულის მიღება რომელ ვარიანტში იყო, 15 ქულის მიღება ყველაზე მარტივი რომელ ვარიანტში იყო. რამდენი პროცენტი აღმოჩნდა 15 ქულის ქვევით ამა თუ იმ ვარიანტში. ყველაზე მარტივი სადაც აღმოჩნდება 15 ქულის აღება, იმ ქულად გადაიქცევა ყველა დანარჩენ ვარიანტებში ქულები. ასე ვითვლით,“ - აცხადებს სოფო დოლიძე.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი აღნიშნავს, წელს წინა წლების მსგავსი შედეგებია:

„ზოგადი უნარების გამოცდა თავისი არსითა და ფორმატით ისეთი ტიპის გამოცდაა, ისეთ რამეს აფასებს, რომ აქ რადიკალური ცვლილებები ძალიან ძნელად წარმოსადგენია. არც არის ასეთი ცვლილებები. წლევანდელმა გამოცდებამაც ეს აჩვენა. დაახლოებით ისეთივე შედეგი გვაქვს, როგორიც წინა წლებში. ამასთან მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთი ვარიანტი წელს იმაზე უფრო ადვილია, ვიდრე შარშან. მაგალითად, მე-3 ვარიანტი საშუალოზე უფრო ადვილი აღოჩნდა. დანარჩენი ვარიანტები კი შარშანდელის მსგავსია სირთულის მიხედვით,“ - აღნიშნავს სოფო დოლიძე.

მისივე ინფორმაციით, უნარების გამოცდაში ჩაჭრის მაჩვენებელი წელს შარშანდელთან შედარებით გაზრდილია:

„წელს ჩაჭრილთა პროცენტი ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე შარშან. 13%-ზე ცოტა მეტია წელს, შარშან კი - 12%-ზე მეტი იყო. ასეთი მცირე ცვლილებები, რა თქმა უნდა, არსებობს. რამე ტენდენციაზე საუბარი, რომ გაუმჯობესდა ან გაუარესდა შედეგები, შეუძლებელია. არსებითად სურათი სტაბილურად ერთნაირია,“ - აცხადებს სოფო დოლიძე Etaloni.ge-სთან საუბრისას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203