„ძალიან ახტაჯანა მოსწავლე ვიყავი“ - მაია მიმინოშვილი სკოლის პერიოდს იხსენებს
01-08-2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი ძალიან ცელქი მოსწავლე ყოფილა. როგორც თვითონ ამბობს, ამის გამო დედამისს მის კრებებზე მისვლა ძალიან არ უყვარდა. 

მაია მიმინოშვილმა Etaloni.ge-სთან ბავშვობისდროინდელი მოგონებები გაიხსენა და სკოლაში სწავლის პერიოდზე ისაუბრა და :

- პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი, მერე კომაროვში გადავედი. სხვაგვარი სკოლა იყო კომაროვი, თავისი ცხოვრება ჰქონდა. საათობრივი ბადეც სხვანაირი იყო. ყოველდღე გვიტარდებოდა მათემატიკისა და ფიზიკის 2-2 გაკვეთილი, უმაღლესი მათემატიკის კურსსაც გვიკითხავდნენ. დღე და ღამე იქ მინდოდა ყოფნა, ჩემს კლასელებთან ერთად მინდოდა მეცადინეობა, მათთან ერთად ბიბლიოთეკაში ჯდომა. მაგრამ, სამწუხაროდ, დედაჩემი არ მტოვებდა. ჩემი მეგობრები რჩებოდნენ, მე კი სულ ვოცნებობდი იქ დარჩენაზე.

თუ გამოარჩევთ მასწავლებელს, რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა?

- რა თქმა უნდა, მყავდა უსაყვარლესი მასწავლებლები. პირველ ექსპერიმენტულში სწავლისას ქართულს მასწავლიდა მამუკა ოჩიგავა, რომლის გაკვეთილებიც ნამდვილი ფოიერვერკი იყო.  მამუკა მთელ კლასს გვიყვარდა, ვისაც ის ასწავლიდა, ყველა მასზე იყო შეყვარებული.

- და მაინც მათემატიკა აირჩიეთ, რატომ?

- მათემატიკა რატომ ავირჩიე და კომაროვში რატომ ჩავაბარე, არ მახსოვს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მათემატიკა იყო ჩემთვის ყველაზე საყვარელი საგანი, რადგან უნივიერსიტეტშიც მათემატიკურზე ჩავაბარე. ჩემი არჩევნით ძალიან კმაყოფილი ვარ. პროფესიის არჩევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემთვის ძალიან საყვარელმა გრიშა წულაიამ, მათემატიკის მასწავლებელმა.

- როგორი მოსწავლე იყავით?

- კარგად ვსწავლობდი, ოღონდ ძალიან ახტაჯანა ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, დედა სულ მომთხოვნი იყო. იმის გამო, რომ ძალიან ცელქსი ვიყავი, დედას სულ ეშინოდა სკოლაში მოსვლა. ჩემი ძმაც პირველ ექსპერიმენტულში სწავლობდა და სულ ეუბნებოდნენ, ეს იმის და როგორ არისო. ჩემი ძმის კრებაზე სიარული უყვარდა და ჩემსაზე - არა... შატალოზეც დავდიოდი, ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შეიძლებოდა.

- უმაღლესი ჩასაბარებლად რეპეტიტორი დაგჭირდათ?

- არა, რა თქმა უნდა, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა და მახსოვს, ძალიან ამაყი ვიყავი, რომ სკოლამ ასეთი ჯილდო გადმომცა. ჩემს დროს მედალოსან მოსწავლეებს შეღავათი ჰქონდათ უნივერსიტეტში ჩაბარებისას - მხოლოდ ერთ გამოცდას ვაბარებდით, რაშიც დარწმუნებული ვიყავი. 

- წარჩინებულ მოსწავლეთათვის მედლების გადაცემას უკვე წლებია, ფორმალური დატვირთვა აქვს. მედალოსანი მოსწავლეები პრივილეგიებით არ სარგებლობენ. უნივერსიტეტში ჩაბარებისას არამედალოსანი მოსწავლეების მსგავსად, ისინიც ყველა საგანს აბარებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ ყოფილა მსჯელობა და რაიმე ცვლილებას შეიძლება რომ ველოდოთ?

- პირდაპირ გეუბნებით, ახლა რომ შემოიღონ, ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ და არ ივარგებს. შეღავათი არ არის ცუდი და, მე პირადად, ნამდვილად მინდა, რომ მომავალში ისეთი სისტემა იყოს, სადაც არამხოლოდ ერთი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული შეფასების შედეგებია მიღებული მხედველობაში, არამედ კონკრეტული წილი აქვს საბოლოო შეფასებაში სკოლის შეფასებას. შვიდოსანი ხარ, რვაოსანი, ცხრაოსანი თუ ათოსანი, ესეც რომ იყოს გათვალისწინებული. ნახევარი ნახევარზე თუ არ იქნება, თავიდან 5% რომ იყოს სკოლის შეფასება გათვალისწინებული და 95% გამოცდების შედეგები. თუმცა ამისთვის ბევრი რამაა გასაკეთებელი... დარწმუნებულები უნდა ვიყოთ სკოლების ობიექტურობაში... ჩვენ რომ დავიწყოთ მიზანმიმართულად სწორი ნაბიჯებით სიარული, ალბათ, ეს 10-15 წლის პერსპექტივაა. 

- როგორც ვიცი, საკმაოდ ახალგაზრდა გახდით დედა. ბიჭებთან აღზრდის რა მეთოდების გამოყენება დაგჭირდათ? 

- ამ გადასახედიდან, უფრო მეტად ჩემს შეცდომებზე შემიძლია ვისაუბრო, ვიდრე მოვიწონო თავი, რა კარგი მეთოდი გამოვიყენე შვილების აღზრდისას. არანაირი მეთოდი არ მქონია. მკაცრი ვიყავი. როგორც აღვნიშნე, დედაც ძალიან მომთხოვნი იყო და ალბათ, ამიტომაც. ბევრ შეცდომას ვპოულობ აღზრდის კუთხით, ალბათ, უფრო მეტი თავისუფლება უნდა მიმეცა შვილებისთვის.

- თქვენს ყველა განცხადებას თითოეული მოსწავლე, აბიტურიენტი თუ სტუდენტი მოუთმენლად ელოდება. როდესაც განათლების სფეროში რეფორმებს ატარებთ, თქვენს შვილებს თუ ეკითხებით აზრს? 

- რა თქმა უნდა. ორივე შვილი აქტიურად არის ჩართული ჩემს საქმეებში. ცხადია, დეტალებს, მაგალითად, როგორი უნდა იყოს ტესტი და ა.შ. ამას არა, მაგრამ ძირითად საკითხებზე სულ ვმსჯელობთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203