სკოლებმა I-VI კლასების გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები 27 ივლისის ჩათვლით უნდა აირჩიონ. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია აწერს ხელს, 24 ივლისს გამოქვეყნდა.
როგორც Etaloni.ge-ს სამინისტროში განუცხადეს, იმ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, რომლებსაც გრიფი ჯერ არ მინიჭებია, სკოლებს ინსტრუქცია დაეგზავნებათ:
„27 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ სკოლებს სახელმძღვანელოების არჩევა eSchool ბაზაში, ეს ვადა არ უნდა გაუშვან სკოლებმა ხელიდან. იმ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, რომლებსაც გრიფი ჯერ არ მინიჭებია, სავარაუდოდ, შესაბამისი ინსტრუქცია სკოლებს დაეგზავნებათ, რა როგორ უნდა გააკეთონ, როგორ იმოქმედონ,“ - აღნიშნეს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების სია დღეს გამოაქვეყნა. გრიფი I-VI კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების ნაწილს მიენიჭა.