დღეს აბიტურიენტები ქიმიისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდებს აბარებენ. დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან ქიმიის გამოცდაზე 97%-ზე მეტი, ხოლო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე 91%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. მათ Etaloni.ge-სთან საუბარში ტესტების საკითხებსა და სირთულეზე პირველი კომენტარი უკვე გააკეთეს:„ქიმიის ტესტი საშუალო სირთულის იყო, მაგრამ ნამდვილად დამღლელი და შრომატევადი. სულ 45 საკითხი იყო მოცემული, კითხვები მოვიდა ფიზიკური და ქიმიური მოვლენიდან, ასევე ნალექების წარმოქმნაზე, ამოცანები გართულებული იყო“,- მარიამ ვაშაყმაძე.
„ხელოვნების გამოცდისთვის ყველანაირად მზად ვიყავი, ასე რომ არ გამრთულებია. საკითხებში არქიტექტურული ნაგებობები, რელიეფური ნამუშევრები და უტრირებული ფიგურები მოვიდა. აღწერაში ძველ ეგვიპტურ ნაგებობაზე უნდა გვემსჯელა“,- თათია სოყურაშვილი.
„ქიმიის გამოცდა კარგად იყო ორგანიზებული, კონფორტული გარემო დაგვხვდა. რაც შეეხება საკითხებს, ჩემთვის საკმაოდ მარტივი იყო“,- ალექსანდრე ფიჩხაძე.
„ხელოვნების ტესტი საშუალო სირთულის იყო. რენესანსის მხატვრობა მოვიდა, რაფაელის „ათენის სკოლა“. ასევე იყო იმპრესიონისტი და რეალისტი მხატვრების ნამუშევრები. ვან გოგიც შემხვდა. კითხვები მოვიდა არქიტექტურიდანაც, საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლებს შეეხებოდა და ეს საკითხი ცოტა გამიჭირდა“, - ინა ამაშულეკი.
„საშუალო სირთულის გამოცდა იყო, ჩაჭრით არავინ ჩაიჭრება. კითხვები ძირითადად არაორგანული ქიმიიდან იყო. ამოცანებში მასურ წილებზე და მოლების გამოთვლაზე იყო. ისე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა“,- თედო ჩიკვილაძე.
„ბოლო თემად მოცემული იყო ნახატი „მთესველი“, ვან გოგის ვერსია და ორიგინალი უნდა შეგვედარებინა ერთმანეთს. სხვა საკითხები კონკრეტულად არ მახსოვს, მაგრამ არ იყო რთული“-ნიკოლოზ ქვიტაშვილი.
„საინტერესო ამოცანები იყო, წინა წლებთან შედარებით გართულებული იყო, რადგან ადრე დიაგრამები მოდიოდა, როდესაც ნახშირ-წყალბადის ფორმულას გვთხოვდნენ. ასევე სამკომპონენტიან ნაერთზე მოვიდა ამოცანა. გარემო კარგია, გრილა რაც მთავარია“,- თიკო ბაბალაშვილი.