„I-VI კლასების სახელმძღვანელოების ნაწილია გრიფირებული, დარჩენილი ნაწილის გრიფირება უახლოეს პერიოდში მოხდება“ - განათლების სამინისტრო
„I-VI კლასების სახელმძღვანელოების ნაწილია გრიფირებული. რაც შეეხება დარჩენილ საგნებში სახელმძღვანელოებს, მათი გრიფირება უახლოეს პერიოდში მოხდება,“ - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
„იმის გათვალისწინებით, რომ გრიფირების მთავარ მიზანს სკოლებში ხარისხიანი სახელმძღვანელოების შეტანა წარმოადგენს, რამდენიმე საგანის სახელმძღვანელოზე მუშაობა ამ ეტაპზეც გრძელდება. გრიფირების პროცესში 200-მდე სპეციალისტი მონაწილეობდა. საგნის სპეციალისტების გარდა, სახელმძღვანელოები ფილოლოგებისა და ფსიქოლოგების მიერ შეფასდა.
სახელმძღავანელოების შეფასება განხორციელდა ორ დონეზე. გარდა ამისა, ის ხელმისწვდომი იყო საზოგადოებრივი განხილვისთვის. შედეგად, სახელმძღვანელოები დაკორექტირდა სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად. ამ ეტაპზე სახელმძღვანელოებს სკოლები ირჩევენ.
მუშავდება არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის საკითხიც, რაც საუკეთესო წიგნების ადაპტაციას და სასწავლო პროცესში მათ დანერგვას გულისხმობს“, - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების ეტაპი დასრულდა.