დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები გამოცდებს შემდეგ საგნებში აბარებენ: ფიზიკა, მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ქიმია და სპორტი. დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე 64%-ზე მეტი გამოცხადდა.
მათი ნაწილი გამოცდიდან უკვე გამოვიდა და Etaloni.ge-სთან საუბარში ტესტის საკითხებსა და მის სირთულეს აფასებენ:„ვღელადი გამოცდაზე. საგამოცდო გარემოს დადებითად შევაფასებდი, ტესტი საშუალო სირთულის იყო. კითხვები მოვიდა ხელოვნებიდან, ძეგლების, ნახატების გაშიფვრა, რომელ ეპოქას მიეკუთვნება, რა სტილითაა შესრულებული. მრავალგვარი საკითხი იყო,“- ნელი გოგოლაძე.
„საშუალო სირთულის ტესტი იყო, თუმცა უცხო და მოულოდნელი კითხვები მოვიდა. უცნობი ნახატები შემხვდა, მათი ავტორი, მიმდინარეობა, შინაარსი უნდა გაგვეანალიზებინა. გამოცდა ყველა წესის დაცვით მიმდინარეობდა,“ - ქეთი დარციმელია.
„საკმაოდ რთული გამოცდა იყო, ბევრი პუნქტისგან შედგებოდა. წერითი დავალებები იყო გასააზრებელი. ერთერთი სავარჯიშო დახატვას მოითხოვდა, თუმცა მე ხელოვნებათმცოდნე ვარ და ხატვისგან შორს ვარ, ასე რომ ეს საკითხი გამოვტოვე. შრომატევადი და რთული ტესტი იყო, მაგრამ მაინც გავუმკლავდი ცოდნით,“- ნინო სააკაშვილი.
„ქიმიის გამოცდას საშუალო სირთულით შევაფასებდი. რეაქციები, ორგანული ნაერთები და სხვა მრავალი საგნობრივი საკითხი მოვიდა. პრაქტიკოსი მასწავლებელი არ ვარ, მაგრამ ტესტის დაწერა არ გამჭირვებია“,- გვანცა ქურული.
„სიმშვიდე დაგვხვდა აუდიტორიაში, ყველა თავისთვის მუშაობდა ტესტზე. ხელოვნების საკითხები არ იყო რთული, მარტივად გავუმკლავდი დავალებებს,“ - ნათია ხატიაშვილი.
„საშუალო სირთულის გამოცდა იყო, მხატვრული ანალიზი უნდა გაგვეკეთებინა, ქრონოლოგიურად დაგვეწყო ძეგლები, ჭეშმარიტება და მცდარობა უნდა დაგვედგინა, ნახატი კუბისტურ სტილში უნდა შეგვესრულებინა,“ - ქეთევან ზულიაშვილი.
„აღნიშნული მეთოდი, რომ პედაგოგმა საკუთარი კომპეტენცია დაადასტურო და სიახლეებს აუწყო ფეხი, ნამდვილად მისასალმებელია. გამოცდამ ბევრი რამ დამანახა, ვთქვათ, რა კუთხით უნდა წავმართო მუშაობა სამომავლოდ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა,“ - ნინო ფანჩვიძე.