სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მან კურსდამთავრებულებს მიულოცა ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურის დასრულება და ცხოვრების ფართო ასპარეზზე წარმატებები უსურვა.
ბაკალავრებს სწავლის დასრულება აგრეთვე მიულოცეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნინო თოფურიძემ და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ნინო თავაძემ. ბაკალავრები ტრადიციულად ქუდებითა და მანტიებით იყვნენ შემოსილნი. უკვე მეხუთე წელია, რაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს ტრადიცია დამკვიდრდა.
ღონისძიება მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. ცა ფერად-ფერადი მაშხალებით, ბუშტებითა და ლენტებით დაიფარა. უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურმა ღონისძიება გიფერებითა და მემოგრამითაც უზრუნველყო.
კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია ცაში ქუდების აყრითა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დამთავრდა.