
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში შემოდგომის სილამაზეს, მის ოქროსფერ ფერებსა და სიუხვეს ღონისძიება – „ოქროსფერი შემოდგომა“ მიეძღვნა.
ღონისძიებაში I, II, III, IV, V და VI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებამ გააერთიანა შემოდგომისადმი მიძღვნილი ლექსები, მუსიკალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები და საინტერესო აქტივობები. მოსწავლეებმა ნიჭი, მონდომება, შემოქმედებითი უნარები და სცენაზე გამოსვლის სიხარული წარმოაჩინეს, რითაც დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი, თბილი და სასიამოვნო ემოციები აჩუქეს.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ მუსიკის მასწავლებელი ლალი ქათამაძე, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობდნენ კლასის ხელმძღვანელები. მათი ერთობლივი ძალისხმევით, მოსწავლეთა ჩართულობითა და სიყვარულით შეიქმნა ლამაზი, შემოქმედებითი და შთამბეჭდავი გარემო.
„ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებდა, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი კი არა, ბავშვების ნიჭის გამოვლენის, შემოქმედების, თანამშრომლობისა და სიხარულის სივრცეცაა.
მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობლებს ღონისძიების მონაწილეს ამ ლამაზი დღის შექმნისთვის! ოქროსფერი შემოდგომა ჩვენს სკოლაში კიდევ უფრო ფერადი, მუსიკალური და სიყვარულით სავსე აღმოჩნდა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6