
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად მიმღებლობას, შემწყნარებლობას, ერთმანეთის პატივისცემასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას ასწავლიან.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს და მოსწავლეებს შეახსენეს, რომ ტოლერანტობა განსხვავებულობის მიღებას, ერთმანეთის პატივისცემასა და ურთიერთგაგებას ნიშნავს. ეს არის უნარი, დავინახოთ და დავაფასოთ ის, რაც გვაერთიანებს, პატივი ვცეთ იმას, რაც ერთმანეთისგან განგვასხვავებს. სწორედ ეს ღირებულებები ქმნის მშვიდობიანი, თანასწორი და ჯანსაღი საზოგადოების საფუძველს.
თარიღის აღსანიშნავად, 16 ნოემბერს, დეხვირის საჯარო სკოლაში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „ტოლერანტობა“, რომელსაც მოქალაქეობის მასწავლებელი გიგა გოგიძე უძღვებოდა.
შეხვედრა დატვირთული იყო საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით. მოსწავლეებმა იმსჯელეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე, განსხვავებულობის პატივისცემაზე, თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა, გაგება და მხარდაჭერა.
მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ დისკუსიებსა და შეთავაზებულ აქტივობებში, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ განსხვავებულობა საზოგადოების სიმდიდრეა და არა დაბრკოლება.
„გვახსოვდეს: სამყარო უფრო ლამაზი ხდება მაშინ, როდესაც ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს პატივს ვცემთ, ვიღებთ და გვიყვარს. ვიყოთ უფრო შემწყნარებლები, კეთილგანწყობილები და ემპათიურები - რადგან ტოლერანტობა მხოლოდ სიტყვა კი არა, ყოველდღიური არჩევანი და ცხოვრების წესია!“,- აღინიშნა ღონისძიებაზე.
იხილეთ ფოტოები: