ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეებმა სასკოლო პროგრამის ფარგლებში წარმოადგინეს თემატური ღონისძიება - „მეგობრები“, რომელიც ტყის ბინადრებსა და ბუნების საოცარ სამყაროს ეძღვნებოდა.
ღონისძიებამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, სხვადასხვა პერსონაჟის როლში გარდასახულიყვნენ და სცენაზე მხატვრულად გაეცოცხლებინათ ტყის ბინადართა ცხოვრება, მათი ურთიერთობები და მეგობრობის მნიშვნელობა.
პატარა მონაწილეებმა თავიანთი უშუალობით, შემოქმედებითი ნიჭით, ემოციური შესრულებითა და დიდი მონდომებით მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს. თითოეულმა მათგანმა საკუთარი როლით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ღონისძიების წარმატებაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ კიდევ ერთხელ ყველას შეახსენა, რომ მეგობრობა, სიკეთე, ურთიერთპატივისცემა და თანადგომა ის ფასეულობებია, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს და სამყაროს უფრო ლამაზსა და კეთილს ხდის.
სასიამოვნო ემოციებით, ბავშვების ღიმილითა და გულწრფელი სიხარულით სავსე ღონისძიებამ შესანიშნავად ჩაიარა და ყველას დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა.
ღონისძიების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ქართული ენის მასწავლებელი სათენიკ ნახაპეტიანი გახლავთ.
„მადლობა ჩვენს პატარა მონაწილეებს მონდომებისთვის, შემოქმედებითი ჩართულობისა და შესანიშნავი წარმოდგენისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: