
როდესაც ნიჭი, შრომისმოყვარეობა და მშობლიური ენის უსაზღვრო სიყვარული ერთიანდება, შედეგი ყოველთვის შთამბეჭდავია. ბაღდათის N1 საჯარო სკოლის კედლებში დღეს განსაკუთრებული სიხარული და სიამაყე სუფევს. სკოლა, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა განათლების მაღალი ხარისხითა და მომავალი თაობის აღზრდისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.
„ეტალონის“ პრესტიჟულ საგნობრივ ოლიმპიადაში ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა: ლაშა ფურცელაძემ, ნინი კვირიკაძემ, ანანო ბურჯანაძემ და ნოე კამლაძემ საუკეთესო შედეგები აჩვენეს და დაამტკიცეს, რომ მიზანდასახულობითა და ცოდნის წყურვილით ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობაა შესაძლებელი.
თუმცა, აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ - ყველა დიდი გამარჯვების უკან დგას ადამიანი, რომელიც მოსწავლეებს ამ გზაზე მიუძღვის, მათში ცოდნის ნაპერწკალს აღვივებს და ყოველდღიური ზრუნვით გამარჯვების რწმენას უნერგავს.
ამ წარმატების მთავარი შემოქმედი ბაღდათის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უბადლო, მზრუნველი და თავდადებული პედაგოგი - მაია ხმალაძეა. სწორედ მისი პროფესიონალიზმის, თითოეული მოსწავლისადმი გულისხმიერი მიდგომისა და ქართული სიტყვისადმი უდიდესი სიყვარულის დამსახურებაა, რომ ბავშვები „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში ჩაერთნენ და საკუთარი შესაძლებლობები ასე წარმატებით წარმოაჩინეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარული ხომ მხოლოდ სასკოლო პროგრამის ათვისება არ გახლავთ - ეს საკუთარი ფესვების, კულტურის, ეროვნული იდენტობის გააზრებაა და სწორედ ამ უდიდესი ფასეულობების ერთგულებამ მოუტანა ბაღდათის N1 საჯარო სკოლას მორიგი შთამბეჭდავი აღიარება. სკოლის დირექციის მუდმივი თანადგომა, ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და პედაგოგებისა თუ მოსწავლეების წახალისება კი ის მყარი საფუძველია, რაზეც სკოლის თითოეული წარმატება შენდება.
აქვე სიამაყით დავძენთ, რომ ამ წარმატებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა „ეტალონთან“ სკოლის მრავალწლიანმა ნაყოფიერმა მეგობრობამაც. ეს თანამშრომლობა მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გამოსცადონ საკუთარი ძალები, აიმაღლონ მოტივაცია, გაიფართოონ თვალსაწიერი და მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა.
ვულოცავთ ბაღდათის N1 საჯარო სკოლას, მის გულისხმიერ დირექციას, ქართული ენისა და ლიტერატურის ამაგდარ პედაგოგს - ქალბატონ მაია ხმალაძესა და უდავოდ საამაყო მეშვიდეკლასელებს ამ დამსახურებულ გამარჯვებას!
გვჯერა, მშობლიური ენის სიყვარულით გაკვალული ეს გზა კიდევ არაერთი დიდი წარმატების საწინდარი გახდება.
წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!
„ეტალონის“ ოლიმპიადების შესახებ დამატებით იხილეთ