პირველკლასელთა ასაკის ცვლილებაზე პარლამენტში პეტიცია მეორედ დარეგისტრირდა - რა არგუმენტები აქვთ მშობლებს და როდის განიხილება საკითხი
26-11-2026

პირველკლასელთა ასაკის ცვლილების მოთხოვნით მშობლებმა პარლამენტში პეტიცია მეორედ შეიტანეს. საკითხს ხვალ, 27 ნოემბერს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.

პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა იმ ბავშვებსაც შეუნარჩუნდეთ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ

შეგახსენებთ, რომ 3000-მდე მშობელი 2027-2028 სასწავლო წლისთვის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში გარდამავალი დებულის შენარჩუნებას და პირველ კლასში იმ ბავშვების შესვლას ითხოვენ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. მშობლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია და წერილი წარადგინეს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სახელზეც წარადგინეს. 

„2026 წლის 6 ნოემბერს წარდგენილი პეტიციის განხილვაზე პარლამენტის ბიურომ უარი თქვა. გადაწყვეტილება ეფუძნება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2026 წლის 16 ნოემბრის დასკვნას, რომლის თანახმადაც მხარდამჭერთა ხელმოწერები რეგლამენტის 227-ე მუხლის მოთხოვნებს არ
აკმაყოფილებდა. თითოეულ ხელმოწერას ერთვის მხარდამჭერის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი, ხოლო ყოველი პირის მხარდაჭერა მხოლოდ ერთხელაა დაფიქსირებული. პეტიციას 2 834 მხარდამჭერი ჰყავს (264 ფურცელი). რეგლამენტი პეტიციის წარდგენისთვის 300 მხარდამჭერს მოითხოვს, ჩვენ კი მატერიალური ფორმით, სულ რაღაც ერთ კვირაში, ამაზე თითქმის ათჯერ მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად ბევრ ოჯახს ეხება ეს საკითხი.  

2026-2027 სასწავლო წლის გამონაკლისი იმით აიხსნებოდა, რომ ცვლილება დაგვიანებით მიიღეს და ოჯახებს მისთვის მომზადების დრო არ ჰქონდათ. იგივე გარემოება 2021 წელს დაბადებულ ბავშვებსაც ეხება. როცა ეს ბავშვები სკოლამდელ განათლებას იწყებდნენ, კანონი მშობელს 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვის სკოლაში შეყვანის უფლებას აძლევდა. ოჯახებმა შვილების მომზადება სწორედ
ამ წესის მიხედვით დაგეგმეს, ცვლილება კი 2026 წლის თებერვალში, ბავშვების სკოლამდელი მომზადების ბოლო ეტაპზე მიიღეს. შესაბამისად, ამ ოჯახების კანონიერი მოლოდინი შარშანდელი ოჯახების მოლოდინისგან არ განსხვავდება.

სასწავლო წელი 15 სექტემბერს, თვის შუა რიცხვებში იწყება, ამიტომ მოქმედი ზღვარი ერთსა და იმავე თვეში დაბადებულ ბავშვებს ერთმანეთისგან მიჯნავს. 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვი სკოლაში თითქმის შვიდი წლისა მივა და ერთ კლასში აღმოჩნდება 10-15 სექტემბერს დაბადებულ ბავშვებთან, რომლებზეც თითქმის ერთი წლით უფროსია. ამავე დროს, დაბადების თარიღი მზაობის გარანტიას არც ზღვრამდე დაბადებული ბავშვისთვის იძლევა. სასკოლო მზაობა ბავშვის ფსიქოემოციური, შემეცნებითი, სოციალური და მოტორული განვითარების ერთობლიობაა და ის ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. ბავშვი, რომელსაც საჭირო უნარები უკვე აქვს, სკოლამდელ საფეხურზე უმცროს ბავშვებთან ერთად კიდევ ერთი წლით რჩება, რაც მის მოტივაციასა და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
მოქმედი რეგულირება სოციალურ უთანასწორობასაც ქმნის. ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სკოლები 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს მზაობის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე იღებენ, თუმცა ამ სკოლებში წლიური საფასური 14 000-დან 28 000 აშშ დოლარამდეა. შედეგად, ბავშვის მზაობის გათვალისწინება მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვისაა ხელმისაწვდომი, საჯარო სკოლაში კი ბავშვის სასწავლო გზას მხოლოდ დაბადების თარიღი განსაზღვრავს. ამის გამო განათლების ხელმისაწვდომობა ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე ხდება დამოკიდებული“, - აღნიშნულია მშობლების წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203