
საქართველოს პარლამენტის ბიურომ საჯარო სკოლებში უფასო კვების კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადები გაახანგრძლივა. პროექტის თანახმად, სასკოლო კვების საკითხი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით უნდა მოწესრიგდეს, რათა ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ჯანსაღი საკვები. ინიციატივა ითვალისწინებს, რომ სკოლებში, სადაც არ არის ფუნქციური სასადილო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოსწავლეებს გამზადებული საკვები ე.წ. ლანჩბოქსის სახით მიეწოდოს.
პარლამენტის ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ვადის გადაწევის პროცესი სავალდებულო - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიმართვით დაიწყო. 20 ნოემბერს კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ წერილით მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ლაშხს. წერილში აღნიშნულია, რომ „ობიექტურ მიზეზთა გამო“, კომიტეტი ვერ ახერხებდა კანონპროექტის დადგენილ ვადაში (24 ნოემბრამდე) განხილვას, რის გამოც 30-დღიანი გადავადება მოითხოვა.
აღნიშნულის საფუძველზე, 24 ნოემბერს მარიამ ლაშხმა პარლამენტის ბიუროს მიმართა და რეგლამენტის ვადების დაცვისა და საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, საკომიტეტო განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელება ითხოვა.
ბიუროს გადაწყვეტილებით (№181/4-XIმპ), რომელსაც ხელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აწერს, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ახალი გრაფიკი შემდეგნაირად განისაზღვრა:
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე (სავალდებულო კომიტეტი) - არაუგვიანეს 2027 წლის 20 მაისისა;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე (წამყვანი კომიტეტი) - არაუგვიანეს 2027 წლის 2 ივნისისა;
პლენარულ სხდომაზე - განხილვის სავარაუდო პერიოდად 2026 წლის 24 ნოემბრიდან 2027 წლის 4 ივნისამდე შუალედი განისაზღვრა.