კემბრიჯის უნივერსიტეტმა 2026 წლის სიტყვად „ადამიანი“ დაასახელა
20-11-2026

ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრების ფონზე კემბრიჯის უნივერსიტეტმა 2026 წლის სიტყვად „ადამიანი“ (Human) დაასახელა.

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთებას - შიშებს, რომლებიც ეხება იდენტობას, შემოქმედებითობას და იმ ყველაფერს, რაც სამყაროში უნიკალურს გვხდის.

Cambridge Dictionary-ის წლევანდელი არჩევანი ასახავს, საზოგადოების გამხლეჩავი ტექნოლოგიის მიმართ საპასუხო რეაქციას და იმ დისკუსიის გაგრძელებას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, მანაქანასა და ადამიანს შორის საზღვრების თანდათანობით წაშლას უკავშირდება.

„ხელოვნური ინტელექტი ცვლის იმას, თუ როგორ ვსაუბრობთ ადამიანის ბუნებაზე. შიშმა იმის გამო, თუ რა შეიძლება დაკარგოს ადამიანმა აზროვნების ხელოვნური ინტელექტისთვის გადაბარებით, გვიბიძგა, თავიდან შეგვეფასებინა ჩვენი დამოკიდებულების ხარისხი ამ ტექნოლოგიაზე“, - განაცხადა ლექსიკოგრაფმა კოლინ მაკინტოშმა.

სიტყვა „Human“ ლათინური წარმოშობისაა („Humanus“) და Cambridge Dictionary-ში განმარტებულია, როგორც „ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებების, ნაკლოვანებებისა და გრძნობების მქონე, ღმერთებისგან, ცხოველებისა და მანქანებისგან განსხვავებით“.

ლექსიკონმა ასევე მოიხსენია ინტელექტუალების საჯარო განცხადებები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი პიონერი მკვლევარისა და ნობელის ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯეფრი ჰინტონის მოსაზრება: „ჩვენ არამიწიერ არსებებს ვქმნით. მზად ვარ, ვიყო ეგოისტი და ადამიანები ავირჩიო“.

„ხელოვნური ინტელექტი გვაბრუნებს იმ კითხვებთან, რომლებსაც კაცობრიობა უკვე ათასწლეულებია სვამს: ვინ ვართ ჩვენ და რას ნიშნავს იყო ადამიანი? ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისთვის სერიოზული გამოცდა იქნება. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მან არსებული უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმაოს, თუმცა, იმავდროულად, მას ამ უთანასწორობის დაძლევის პოტენციალიც აქვს“, - განაცხადა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა რეიჩელ ადამსმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რეგულირებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობს.

ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა ლექსიკონის მიერ წლის სიტყვის არჩევაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 2023 წელს Collins Dictionary-მა წლის სიტყვად თავად „AI“ დაასახელა. იმავე წელს Cambridge Dictionary-ის არჩევანი იყო სიტყვა „Hallucinate“ (ჰალუცინაცია), რომელიც აღნიშნავს შემთხვევებს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მცდარ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ქმნის. Merriam-Webster-მა კი წლის სიტყვად „Authentic“ (ავთენტური) შეარჩია. გასულ წელს Merriam-Webster-ის წლის სიტყვა „Slop“ გახდა - ტერმინი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ დაბალი ხარისხის კონტენტს აღნიშნავს. Collins Dictionary-მა კი არჩევანი „Vibe Coding“-ზე შეაჩერა, რაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის მეთოდს გულისხმობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203