„ქართლი - დედა წმინდანთა“ - სკოლა „ოპიზას“ მე-9 კლასელები სასწავლო-კვლევითი ვიზიტით ძველ თბილისს სტუმრობდნენ
18-11-2026

სკოლა „ოპიზას“ მოსწავლეებმა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების შესწავლის შემდეგ დედაქალაქის ისტორიულ ადგილები მოინახულეს.

მე-9ბ კლასის პროექტ „ქართლი - დედა წმინდანთა“-ს ფარგლებში მოეწყო სასწავლო-კვლევითი გასვლა ძველ თბილისში, რომელიც „შუშანიკის წამებასა“ და „აბო თბილელის წამებას“ მიეძღვნა.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ჰაგიოგრაფიასა და ისტორიულ სინამდვილეს შორის არსებული მჭიდრო კავშირის წარმოჩენა და იმის დემონსტრირება, რომ აღნიშნული თხზულებები არა მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის ნიმუშები, არამედ რეალურ ისტორიულ ფაქტებსა და ხელშესახებ გეოგრაფიულ გარემოზე დაფუძნებული წყაროებია.

ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს მეტეხის ტაძარი, სადაც, საუკუნოვანი გადმოცემის თანახმად, მე-6 საუკუნიდან განისვენებს წმინდა შუშანიკი. შემდეგ შეჩერდნენ მეტეხის ხიდზე, სადაც XIII საუკუნეში 100 000-მა მოწამემ რწმენისთვის თავი გაწირა და სულიერი უდრეკობის მაგალითი დატოვა; შემდეგ კი გადაინაცვლეს მეტეხის კლდისა და მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე - ადგილზე, სადაც VIII საუკუნეში წმინდა აბო თბილელი აწამეს, თავი მოჰკვეთეს, სხეული დაწვეს და ფერფლი მტკვარში გადაყარეს.

სასწავლო გასვლითი ღონისძიების შედეგად მოსწავლეებმა გაიაზრეს ჰაგიოგრაფიული ტექსტების ისტორიული მნიშვნელობა და განავითარეს წერილობითი წყაროსა და რეალური სივრცის ურთიერთკავშირის გაანალიზების კვლევითი უნარ-ჩვევები.

ტურს უძღვებოდა ისტორიკოსი ზურა ბალანჩივაძე. მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დავით შანიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203