
სულ ცოტა ხნის წინ მათ პირველად შეაღეს სკოლის კარი და იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ გადაშალეს. დღეს კი ქალაქ მარტვილის №1 საჯარო სკოლის პირველკლასელები უკვე გამართულად კითხულობენ და წერენ „აი ია“ -ს დიდი ქართველი განმანათლებლის კვალდაკვალ გავლილი ეს პირველი, უმნიშვნელოვანესი გზა სკოლაში ლამაზი და დაუვიწყარი ანბანის ზეიმით აღინიშნა.
ყველაფერი იმ ორი ჯადოსნური სიტყვით დაიწყო, რომელსაც „აი ია“ ჰქვია. სწორედ ამ მარტივმა, თბილმა ფრაზამ გაუღო პატარებს ქართული ენის კარი და აჩვენა, რომ წიგნის კითხვა საინტერესო მოგზაურობაა. „აი ია“ იყო პირველი ნაბიჯი, რომელსაც დამრიგებლის, პედაგოგ ია ქიქავას დიდი სიყვარულითა და პროფესიონალიზმით, თანდათან მოჰყვა ოცდაცამეტივე ასო-ბგერის გაცნობა, პირველი მარცვლები, წინადადებები და პატარა მოთხრობები.
ღონისძიებაზე პატარებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ქართული ანბანის ჯადოსნური სამყარო. სცენაზე გამოჩენილი თითოეული ასო-ბგერა თითქოს ცოცხალ ზღაპრად იქცა. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და მადლობა გადაუხადეს იაკობ გოგებაშვილს, რომელმაც მათ ასეთი საოცარი საგანძური - „დედა ენა“ დაუტოვა. ბავშვების თვალებში ანთებული სიხარული, მშობლების ემოციები და პედაგოგ ია ქიქავას სიამაყე საუკეთესო დასტური იყო იმისა, რომ პატარებმა უკვე შეიყვარეს მშობლიური ენა და წიგნი.
„ანბანის ზეიმი“ მარტვილის №1 საჯარო სკოლის პირველკლასელების ცხოვრებაში ერთი ლამაზი ეტაპის დასასრული და ახალი, დიდი თავგადასავლების დასაწყისია. მათ წარმატებით გადადგეს პირველი ნაბიჯი ქართული ენის სამყაროში და ახლა უკვე თამამად შეუძლიათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა.