ქუთაისის N20 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა იაკობ გოგებაშვილის ეპოქა ღონისძიებით გააცოცხლეს
17-11-2026

ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში დიდი განმანათლებლისა და საქართველოში სამეცნიერო პედაგოგიკის დამფუძნებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნანა ჩხობაძემ IV კლასის მოსწავლეებთან ერთად, წარმოგვიდგინა განსაკუთრებული და შემოქმედებითი ღონისძიება სახელწოდებით - „იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების ეპოქის გაცოცხლება“.

მოსწავლეებმა მოაწყვეს იმიტირებული მუზეუმი, რომლის დამთვალიერებლებსაც სიმბოლური ბილეთები დაურიგდათ, მათ ასევე წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის მაკეტი, პირველი საკლასო ოთახისა და მწერლის სამუშაო კაბინეტის იმიტაციები, რითაც სტუმრებს წარსულში მოგზაურობისა და იმდროინდელი საგანმანათლებლო გარემოს გაცნობის შესაძლებლობა მისცეს.

ღონისძიების ფარგლებში მასწავლებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საკუთარი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე „დედა ენა“ - როგორ შეიძლება კლასიკური საგანმანათლებლო მემკვიდრეობა თანამედროვე მოთხოვნებსა და სწავლების მეთოდებს შეერწყას.

„ეს იყო არა მხოლოდ საინტერესო სანახაობა, არამედ შემეცნებითი აქტივობა, რომელმაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ გაეაზრებინათ იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი ქართული განათლებისა და მშობლიური ენის განვითარების საქმეში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203