საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლია სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელთა ზღაპრად ქცეული პირველი საანბანო გაკვეთილი 
17-11-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლია სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელთათვის ანბანის სწავლა ზღაპრულად დაიწყო.

პატარებს პირველი საანბანო გაკვეთილი ზეიმად ექცათ - სტუმრებით ანბანის სამეფოდან, მრავალი თვალსაჩინოებით, ჰარმონიული მუსიკითა და გულწრფელი ემოციებით.

ანბანის ოქროს გასაღები, „დედა ენა“ და პირველ ასო-ბგერებთან შეხვედრა შემეცნებით და შემოქმედებით დღესასწაულად სწორედ მაშინ იქცა, როდესაც ნანა მასწავლებელმა გენიალურ „აი იას“ უხილავი ფრთები აღმოუჩინა და ოქროსფერი ყუთიდან ნარნარით ამოაბრძანა, მოსწავლეებმა აღფრთოვანებული და გულიანი შეძახილებით აავსეს კლასი. სწორედ ამ ჯადოსნური წამიდან დაიწყო პირველკლასელთა გულწრფელი, ხანგრძლივი და თავგადასავლებით სავსე მეგობრობა ჩვენს ძვირფას წიგნთან - „დედა ენასთან“.

სკოლაში ულოცავენ მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყებას და დასძენენ, რომ "ანბანის შემობრძანების " ღონისძიებაზე დაგეგმილი აქტივობები მიმართული იყო სკოლის, წიგნიერებისა და ცოდნის მიმართ დადებითი ემოციური დამოკიდებულების განმტკიცებისაკენ. ღონისძიება მოიცავდა ენობრივი და საკომუნიკაციო უნარებისა და ნატიფი მოტორიკის განმავითარებელ მოქმედებებს და ითვალისწინებდა თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობას.

„ვულოცავთ, ჩვენს ძვირფას პირველკლასელებს ანბანის სამეფოს ღირსეულ მიღებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და პატარებს წინ კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობას ჰპირდებიან. 

სასწავლო პროცესს კლასის დამრიგებელი, ქართული ენის წამყვანი მასწავლებელი ნანა ლოლიაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ვიდეო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203