
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში განათლების სფეროს დაფინანსების შესახებ ინფორმაცია სათანადოდ არ არის წარმოდგენილი, რაც სამომავლო საბიუჯეტო ვალდებულების შესრულების მონიტორინგს ართულებს. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს ეხება.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, 2028 წლიდან საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განათლების სფეროს დაფინანსების მოცულობა უნდა იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მშპ-ს მინიმუმ 6%.
აღსანიშნავია, რომ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში ცხადი სახით არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სფეროსთვის გამოყოფილი დაფინანსების შესახებ 2027 წლისთვის, რაც ართულებს სამიზნე მაჩვენებლის შესრულების მონიტორინგს“, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
