
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ.
პირველკლასელებმა, პედაგოგ ნინო მიქაძესთან ერთად, სახელობითი ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
სკოლაში ინიციატივას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ ღონისძიება მოსწავლეებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ გარემოს დაცვის მნიშვნელობა.
„დღეს ჩვენმა პატარა პირველკლასელებმა, მასწავლებელ ნინო მიქაძესთან ერთად, კიდევ ერთი ლამაზი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. საკუთარი ხელით დარგეს პირველი ნერგი, რომელსაც სიყვარულით, მზრუნველობითა და იმედით გაზრდიან.
დღეს, მათ ისწავლეს, რომ თითოეული ნერგი სიცოცხლის სიმბოლოა, ხოლო მისი დარგვა - მომავლისთვის გაღებული ზრუნვა.
პატარა ხელებით დარგული დიდი იმედი! დარგე დღეს ერთი ნერგი და ხვალ აჩუქე სამყაროს დიდი ხე!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ბუნების სიყვარულსა და მოფრთხილებას დაწყებითი საფეხურიდან ასწავლიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
მისი მიზანია მოსწავლეებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება და მწვანე სივრცეების მოწყობა-განაშენიანება.
პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.