
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ, რაც ბავშვების მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება.
აღსანიშნავია, VIIIგ კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი გეოგრაფიასა და ისტორიაში თემაზე - „სამხრეთ ამერიკა - ბუნების, ცივილიზაციებისა და აღმოჩენების გზაჯვარედინზე“.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნანული მამაგულაშვილი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე, რომლებიც დააკვირდნენ მოსწავლეთა ჩართულობას, ჯგუფურ მუშაობასა და სწავლების ინტეგრირებულ მიდგომას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო სამხრეთ ამერიკის ბუნებრივი თავისებურებების, ისტორიული წარსულისა და უძველესი ცივილიზაციების ურთიერთკავშირის გააზრება.
სასწავლო პროცესი დაიწყო აქტივობით „ისტორიულ- გეოგრაფიული დეტექტივი“, რომელმაც მოსწავლეებში ინტერესი გააღვივა და მათ ანდების, ინკების ცივილიზაციისა და ისტორიული აღმოჩენების ურთიერთკავშირზე დააფიქრა.
ძირითადი ნაწილი ჯგუფურ მუშაობას დაეთმო. მოსწავლეები ოთხ ისტორიულ-გეოგრაფიულ ექსპედიციად გაერთიანდნენ და შეისწავლეს ინკების საინჟინრო მიღწევები და ანდების გეოგრაფია, ევროპელ კონკისტადორთა ექსპედიციები, ტორდესილასის ხელშეკრულების გავლენა სამხრეთ ამერიკის ენობრივ-კულტურულ რუკაზე და კოლუმბის გაცვლის მნიშვნელობა მსოფლიო ისტორიისა და ეკონომიკისთვის.
ჯგუფებმა კვლევის შედეგები წარმოადგინეს, იმსჯელეს, გააანალიზეს ისტორიული და გეოგრაფიული ფაქტები და დაადგინეს კავშირები ბუნებრივ გარემოსა და ადამიანთა საქმიანობას შორის.
გაკვეთილი დასრულდა „3-2-1“ რეფლექსიის ტექნიკით, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა შეაჯამეს მიღებული ცოდნა და გამოკვეთეს მათთვის საინტერესო საკითხები.
ინტეგრირებულმა გაკვეთილმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ გეოგრაფია და ისტორია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დისციპლინებია. მათი ერთიან კონტექსტში სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, კვლევითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას და სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.
ადმინისტრაციის დასწრება კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერას.
იხილეთ ფოტოები: