
„ვინც ხეს რგავს, ის მომავალს აშენებსო“- აღნიშნავენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში, სადაც მთავრობის ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ.
10 ნოემბერი დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში მხიარული და ემოციური დღე იყო, რადგან პროექტის - „ჩემი პირველი ნერგი“ - ფარგლებში პირველკლასელებმა „მწვანე თაობის“ მეგობრების დახმარებით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
სკოლაში ინიციატივას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ ღონისძიება პატარებს გარემოს დაცვის მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში დაეხმარება.
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.
მადლობა პროექტის ინიციატორებს, სკოლის დირექტორს ეკა ნინიძეს, „მწვანე თაობასა“ და მის ხელმძღვანელს დალი კილაძეს, ხვიჩა მახარაძეს, მზია გუმბერიძესა და ლია გაჩეჩილაძეს ,ადგილობრივ თვითმმართველობას (მაია კიკაბიძე, დიანა ბიბილეიშვილი) თანადგომისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: