სამინისტროს 4 რეკომენდაცია, რომელიც უნდა შესრულდეს - დეტალები
18-11-2026

სასწავლო პროცესის დაწყებისა და დასრულების პერიოდი განსაკუთრებით დატვირთულია, რადგან ამ დროს სკოლის მიმდებარედ ათეულობით მოსწავლე, მშობელი და ავტომობილი ერთდროულად იყრის თავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეკომენდაციები შეიმუშავა.

პირველ რიგში, აუცილებელია, რომ მშობლებმა და ვიზიტორებმა სასწავლო პროცესის დაწყებისა და დასრულების პიკის საათებში თავი შეიკავონ სკოლის ეზოში ავტომობილით შესვლისგან. სკოლის ეზო მოსწავლეებისთვის განკუთვნილი თავისუფალი სივრცეა, სადაც ბავშვები გადაადგილდებიან და ერთმანეთს ხვდებიან. ეზოში ავტომობილების სიმრავლე ზრდის უბედური შემთხვევების რისკს და ქმნის ქაოსურ გარემოს, რაც საფრთხეს უქმნის მოზარდების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილები არ გაჩერდეს მოსწავლეთა გადაადგილებისთვის განკუთვნილ სივრცეებში, ტროტუარებსა თუ გადასასვლელებთან. როდესაც საფეხმავლო გზა ჩახერგილია, ბავშვები იძულებულნი ხდებიან, გვერდი აუარონ გაჩერებულ მანქანებს და სამანქანო გზაზე გადავიდნენ. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს ხილვადობას როგორც მძღოლებისთვის, ისე თავად ფეხით მოსიარულეებისთვის.

მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის მშობლებმა ბავშვების ავტომობილიდან ჩამოსმა და აყვანა უნდა უზრუნველყონ სპეციალურად გამოყოფილ ან უსაფრთხო ადგილას, საგზაო მოძრაობის წესების სრული დაცვით. მანქანის სწორად გაჩერება და ბავშვის ტროტუარის მხრიდან გადმოსმა თავიდან გვაცილებს მოულოდნელ საფრთხეებს და სხვებსაც აძლევს შეუფერხებლად გადაადგილების საშუალებას.

დაბოლოს, სკოლის მისასვლელებისა და ეზოს შესასვლელების ჩახერგვით შესაძლოა შეიზღუდოს გადაუდებელი დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურების გადაადგილება. საგანგებო სიტუაციის დროს თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, სპეციალური ტრანსპორტისთვის თავისუფალი გზის დატოვება თითოეული მოქალაქის სამოქალაქო პასუხისმგებლობაა.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203