ვადები შეიცვალა - სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ცვლილებებია
12-11-2026

სასკოლო ფორმების შესყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილება შედის – შპს „საგანმანათლებლო რესურსებსა“ და კომპანია „გლორი ტექსტილ ინდასთრისს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება.

2026 წლის 19 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვას ითვალისწინებდა, რომლის ჯამური ღირებულება 45 658 840 ლარია, დღგ-ის ჩათვლით. თავდაპირველი შეთანხმებით, სასკოლო ფორმების მიწოდება სამ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო: I ეტაპი – 301 000 ცალი, 2026 წლის 25 აგვისტომდე; II ეტაპი – 600 000 ცალი, 2026 წლის 15 ოქტომბრამდე; III ეტაპი – 900 000 ცალი, 2026 წლის 30 ნოემბრამდე.

თუმცა, ხელშეკრულების მიმდინარეობისას დამატებით 55 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვის საჭიროება გამოიკვეთა. აქედან 15 000 ცალის მიწოდება თავდაპირველი გრაფიკით, 2026 წლის 30 ნოემბრამდე განხორციელდება, ხოლო დარჩენილი 40 000 ცალი XL ზომის ფორმის მოწოდება 2027 წლის იანვრამდე გადაიწევს. 

დამატებითი შეკვეთა მოიცავს:

  • გოგოს პიჯაკი – 18 000 ცალი;

  • ბიჭის პიჯაკი – 17 000 ცალი;

  • მუხლამდე ქვედაკაბა – 5 000 ცალი.

როგორც ხელშეკრულების ცვლილების დასაბუთებაშია აღნიშნული, სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესში გაყიდვების სტატისტიკისა და ტენდენციების ანალიზმა აჩვენა, რომ XL ზომებზე მოთხოვნა დაბალ კლასებშიც არსებობს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის ფორმების რეალიზაციის პერიოდში დიდ ზომებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდოს.

დიდი ზომის ფორმების შესაძლო დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით, დამატებითი რაოდენობის შეძენა გახდა საჭირო. 

„შპს საგანმანათლებლო რესურსების“ განმარტებით, სასკოლო ფორმების ცალკეულ ზომებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინება, თავდაპირველი მომართვისას ობიექტურად შეუძლებელი იყო. დოკუმენტში ასახული ინფორმაციის მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია კი მზად არის, დამატებითი ფორმები ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასის უცვლელად მიაწოდოს შემსყიდველს.

ცვლილების შედეგად, ხელშეკრულებას დაემატება მიწოდების მეოთხე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც 40 000 ცალი XL ზომის სასკოლო ფორმა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით უნდა მიეწოდოს შემსყიდველს.

ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.  

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203