„ბანკის სესხივით ვაგროვებთ ბაღში თანხებს... ვერ გაიგებ - ბაღია თუ ყულაბა“ - მშობლები მანკიერი პრაქტიკის წინააღდეგ
12-11-2026

საჯარო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი კანონით სრულიად უფასოა, თუმცა პრაქტიკაში მშობლებს უწევთ უცნაურ ფინანსურ ვალდებულებებთან შეჯახება. წინასაახალწლო პერიოდი თუ აღმზრდელთა დაბადების დღეები ონლაინ-ჩატებში ნამდვილი დაპირისპირების მიზეზი ხდება. მიუხედავად ოფიციალური აკრძალვებისა, ჯგუფებში ჩნდება კონკრეტული „ტარიფები“ (ე.წ. სტავკები), რომელთა გადახდაც მშობლებს, ხშირად, მორალური იძულების წესით უწევთ. ეს თემა ყოველთვის მწვავე უკმაყოფილების საგანია, რადგან ნებაყოფლობითი საჩუქრის იდეა დიდი ხანია შეიცვალა დაუწერელი, სავალდებულო გადასახადით.​

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მშობელმა კარგად იცის, რომ ბაღებში თანხის შეგროვება კანონით იკრძალება, უარის თქმასა და პროტესტის გამოხატვას მხოლოდ ერთეულები ბედავენ. ამას რამდენიმე კონკრეტული მიზეზი აქვს:

„დაჩაგვრის“ შიში: მშობლებს ეშინიათ, რომ თუ ფულს არ დადებენ, ეს მათ შვილზე აისახება. არსებობს შიში, რომ მასწავლებელი ან ძიძა ბავშვს სხვანაირად მოექცევა, ყურადღებას მოაკლებს ან ჯგუფში გარიყავს.

ჯგუფური ბულინგი და მორალური ზეწოლა: ბაღის მშობლების საერთო ჩატები ხშირად ტერორის სივრცედ იქცევა. ვინც ინიციატივას არ უერთდება, მას საჯაროდ, სხვა მშობლების თანდასწრებით ამუნათებენ. „სხვის ხარჯზე გინდათ თქვენმა შვილმაც მიიღოს საჩუქარი?“, „რა გახდა 20 ლარი მასწავლებლისთვის?“ - მსგავსი ფრაზები მშობლებს აიძულებთ, უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ბოლო თეთრები გაიღონ.

ინკოგნიტოდ დარჩენის შეუძლებლობა: ვინაიდან ჩატებში ფულის შემტანთა სიები საჯაროდ იწერება (ხშირად პლუსებით „+“ ან სახელებით), შეუძლებელია პროტესტი ისე გამოხატო, რომ მთელმა ჯგუფმა არ გაიგოს. საჩივრის ოფიციალურად დაწერას კი ღია კონფლიქტამდე მიჰყავს საქმე, რაც მშობლებს არ სურთ.

etaloni.ge-ს არაერთი უკმაყოფილო მშობელი დაუკავშირდა და თავის გულისტკივილი გაანდო.

„ახალი წელი მოდის და ბაღის ჩატში იწყება პანიკა. უნდა შევაგროვოთ 20-40-50 ლარი აღმზრდელებისთვის, ძიძისთვის, დირექტორისთვისაც ცალკე... თუ ვინმე იტყვის, რომ ახლა არ აქვს ეს თანხა ან უბრალოდ არ ეთანხმება ამას, ისეთ დღეში აგდებენ, რომ ბავშვის გამო იხდი. არადა, საჯარო ბაღია და სრულიად უფასო უნდა იყოს“.

„ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, როცა თანხა არის დაწესებული. არავინ გეკითხება, შეგიძლია თუ არა. მასწავლებლის დაბადების დღეა, ახალი წელია, 8 მარტია... გამოდის, რომ წელიწადში რამდენჯერმე ხელფასიდან ამაში უნდა ვაგროვოთ ფული, არადა ოფიციალურად ბაღის თანამშრომლებს ამის მიღება არც აქვთ უფლება“.

„არ ვიცი, ვისი ინიციატივაა - ბანკის სესხივით ვაგროვებთ ბაღში თანხებს... ვერ გაიგებ - ბაღია თუ ყულაბა“.

არადა, საჯარო საბავშვო ბაღების თანამშრომლები (აღმზრდელები, ძიძები, დირექცია) წარმოადგენენ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს ან მუნიციპალური ააიპ-ების თანამშრომლებს, რომლებზეც ვრცელდება როგორც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, ისე საჯარო სამსახურსა და ეთიკის ნორმებთან დაკავშირებული კანონმდებლობა.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მიხედვით, საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის სამსახურეობრივ მოვალეობაზე ან ეჭვქვეშ დააყენოს მისი კეთილსინდისიერება.

ასევე, კანონმდებლობა ადგენს მკაცრ ზღვარს საჯარო მოსამსახურის მიერ მიღებული საჩუქრის ღირებულებაზე, ხოლო საჯარო დაწესებულებებსა და ბაღებში ფულის იძულებითი შეგროვება (მით უმეტეს, როცა ის ხდება ჯგუფებში „სტავკებით“) არაეთიკური და უკანონო პრაქტიკაა. 

რაც შეეხება ოფიციალურ მხარეს, კომენტარისთვის თბილისის ბაღების სააგენტოს მივმართეთ, სადაც განაცხადეს, რომ „საბავშვო ბაღები არის სრულად უფასო და ამით ყველაფერი ნათქვამია“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203