ბახვის საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელებმა ნერგები დარგეს
10-11-2026

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ.

პატარებმა, პედაგოგ ინდირა სათირიშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს. 

ბახვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, შესაბამისად ინიციატივა სიხარულით შეხვდნენ. 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო! პროგრამა „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, ჩვენმა პირველკლასელებმა, კლასის ხელმძღვანელთან ინდირა სათირიშვილთან ერთად, თავიანთი პირველი დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს გარემოს მოვლასა და გაფრთხილებაში - სკოლის ეზოში საკუთარი სახელობის ნერგები დარგეს.

ეს ხეები ჩვენს პატარებთან ერთად გაიზრდებიან, გაძლიერდებიან და წლების შემდეგაც გაახსენებენ მათ სკოლაში გატარებულ პირველ, ყველაზე თბილ დღეებს. დიდი მადლობა ჩვენს პატარა მებაღეებს ასეთი ენთუზიაზმისა და ლამაზი თაოსნობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

გარემოსდაცვითი პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203