
თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გასვლითი ღონისძიება თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობას მიეძღვნა.
„ტექნოლოგიების საუკუნეში“ მოზარდთა ინტერესი ტექნოლოგიური მიღწევების მიმართ დღითიდღე იზრდება“,- აღნიშნავენ თბილისის N37 საჯარო სკოლაში გასვლითი ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრისას და დასძენენ, რომ 7 ნოემბერს, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები პედაგოგების - ეკატერინე თედიაშვილისა და თამარ ჯოხაძის ხელმძღვანელობით თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ეწვივნენ.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო.
უმაღლეს სასწავლებელში მოსწავლეები გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს და მათ გამოყენებას გეოდეზიასა და კარტოგრაფიაში.
მოსწავლეებს უმასპინძლა უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი კაპანაძემ.
„დაინტერესება მოსწავლეთა მხრიდან იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანისთვის ეს დღე სამომავლო პროფესიის ორიენტირადაც იქცეს“,- გვეუბნებიან სკოლაში და მსგავსი ღონისძიებებით მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.