შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - მოსწავლეები სწავლას ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლასთან მშობლების, მოსწავლეებისა და პედაგოგების თითქმის 4 დღიანი პროტესტის შემდეგ განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ შენობის ავარიულობის გამო 9 ნოემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერება იგეგმებოდა, მიღწეული შეთანხმებით, სწავლა ამ ეტაპზე იმავე შენობაში, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების პირობებში გაგრძელდება. ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, სასწავლო პროცესისთვის ადმინისტრაციული ფართი გამოიყენება, სკოლას კი დამატებითი მანდატურები დაემატება. პარალელურად, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის სიღრმისეული შეფასება დაევალება.
საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა სკოლამ, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
გაცნობებთ ინფორმაციას სასწავლო პროცესის გაგრძელებასა და სამომავლო გეგმების შესახებ:
1. სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობაში - უსაფრთხო ნაწილში.
2. უახლოეს ერთ კვირაში სკოლა შეიმუშავებს ახალ საგაკვეთილო ცხრილს შემჭიდროვებული საათობრივი დატვირთვით.
3. სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ სკოლა 2027 წლის სექტემბერში სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის შესაბამის ფართში, სადაც გათვალისწინებული იქნება სრულფასოვანი სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ყველა პირობა.
4. შეიქმნება მშობლების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აიღებს ვალდებულებას, გააკონტროლოს და თვალი ადევნოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას და შესაბამისი ვადების დაცვას ტექნიკური უნივერსიტეტის მე-10 კორპუსში.