საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის. დოკუმენტის მიხედვით, ხარჯები ძირითადად გაზრდილია შემდეგი მიმართულებებით:
ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 1 მილიარდ ლარზე მეტით, მათ შორის:
მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 685 მილიონი ლარით. ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარის ოდენობით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით
70 წლამდე ბენეფიციარებისთვის, პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად იზრდება 45 ლარით და 415 ლარს შეადგენს
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის გათვალისწინებულია 20%-იანი დანამატები
70 წლამდე პენსიონერების პენსიის კანონით გათვალისწინებულ ინდექსაციასთან შედარებით, უფრო მაღალი ზრდის გათვალისწინებით, პროგრამის ბიუჯეტი დამატებით გაზრდილია 130 მილიონი ლარით;
ინდექსაციის და პენსიების ზრდის შესაბამისად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლები, რისთვისაც დამატებით გამოყოფილია 81 მილიონი ლარი (წინა ვერსიასთან შედარებით დამატებით გამოყოფილია 21 მილიონი ლარი);
ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 243 მილიონ ლარამდე (წინა ვერსიასთან შედარებით დამატებით გამოყოფილია 118 მილიონ ლარამდე), რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმი/ექთნის ხელფასების ზრდა;
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 34 მილიონ ლარზე მეტით;
დაგროვებითი საპენსიო სქემის დაფინანსება გაზრდილია 60 მილიონი ლარით;
განათლების ხარჯები გაზრდილია 450 მილიონ ლარით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების ხელფასების ზრდა. ასევე, გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსება;
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო. შრომის ანაზღაურების ფონდი იზრდება 468 მილიონი ლარით;
სპორტული ფედერაციების დაფინანსება გაზრდილია 70 მილიონი ლარით;
მომავალ წელს ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება 8 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტი, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს, თითქმის, 1 მილიარდ 200 მილიონი ლარით აღემატება.
აღნიშნული თანხის ფარგლებში:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 2 მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი;
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილია 1 მილიარდ 382 მილიონ ლარამდე, მათ შორის, 773 მილიონი ლარია გათვალისწინებული ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის;
განათლების მიმართულებით კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 830 მილიონი ლარი;
წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 350 მილიონი ლარი. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, დამატებით გამოეყოფა 280 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები განხორციელდება 2027 წლის განმავლობაში;
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილია 230 მილიონი ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობების მშენებლობა. რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების განახლების მიზნით, მიმდინარე წელსვე გამოიყოფა 55 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები განხორციელდება 2027 წელს;
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 310 მილიონი ლარი;
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოყოფილია 100 მილიონი ლარი. ამასთან, მთის კურორტების განვითარების მიზნით, 2027 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 80 მილიონ ლარზე მეტი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა განსახლების პროექტების დაფინანსებაზე გამოყოფილია 408 მილიონი ლარი, რაც ბიუჯეტის წინა პროექტთან შედარებით გაზრდილია 140 მილიონი ლარით. დამატებითი თანხების გამოყოფა დაკავშირებულია ახალ სამთავრობო ინიციატივასთან, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება. აღნიშნული მიმართულებით მიმდინარე წელს მიიმართება 100 მილიონ ლარზე მეტი;
ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულია 142.5 მილიონი ლარი;
სამელიორაციო სისტემების მოდერნიზების პროექტებზე 2027 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 85 მილიონი ლარი, ხოლო მიმდინარე წელს დამატებით გამოეყოფა 70 მილიონი ლარი;
მყარი ნარჩენების პროექტების განსახორციელებლად მომდევნო წელს, ჯამში, მიიმართება 110 მილიონ ლარზე მეტი;
პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილი კაპიტალური ხარჯები შეადგენს 882 მილიონ ლარს;
საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით მიიმართება 250 მილიონი ლარი;
თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტის დაფინანსება შეადგენს 125 მილიონ ლარს;
სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობაზე მიიმართება 107 მილიონი ლარი;
სხვა დანარჩენი კაპიტალური ხარჯები ჯამში შეადგენს 303 მილიონ ლარს.