
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებს, რომლებიც ერთ-ერთ საგანში მაინც მაქსიმალურ ქულას მიიღებენ, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ - აღნიშნულის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ვკითხულობთ
ცვლილების თანახმად, წარმატებული ახალგაზრდის სტატუსი მიენიჭებათ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ოლიმპიადებსა და კულტურულ-შემოქმედებით თუ ინტელექტუალურ კონკურსებში მთავარი პრიზის ან ტიტულის მატარებლები გახდებიან.
რა თანხას მიიღებენ მაქსიმალური ქულის მქონე აბიტურიენტები?
დადგენილების მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანში მაქსიმალური ქულის მიღებისთვის ახალგაზრდას 1000 ლარი გადაეცემა.
შესაბამისად, მაგალითად, თუ აბიტურიენტი მაქსიმალურ ქულას ორ საგანში მოიპოვებს, მისი ჯილდო 2000 ლარი იქნება, სამ საგანში კი – 3000 ლარი.
ფულადი ჯილდოს მისაღებად წარმატებულმა ახალგაზრდამ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
წერილობითი განცხადება;
პირადობის მოწმობის ასლი;
ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაბამის საგანში მაქსიმალური ქულის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი;
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების დამადასტურებელი დოკუმენტი.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებებით წარმატებული ახალგაზრდების წახალისების პროგრამა კვლავ ითვალისწინებს საერთაშორისო საგანმანათლებლო ოლიმპიადებსა და კულტურულ-შემოქმედებით თუ ინტელექტუალურ კონკურსებში მთავარი პრიზის ან ტიტულის მფლობელი ახალგაზრდების დაჯილდოებასაც. ამ შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1500 ლარს შეადგენს.