„ვამაყობთ, ჩვენი წარსულით“- ჩქუმის საჯარო სკოლაში საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლისთავი თემატური ღონისძიებებით აღინიშნა
05-11-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლა დიდებულ და ისტორიულ თარიღს - საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლისთავს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გამოეხმაურა.

IV საუკუნეში, წმინდა ნინოს მოციქულებრივი ღვაწლითა და მირიან მეფის გადაწყვეტილებით, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამ უმნიშვნელოვანესმა მოვლენამ სამუდამოდ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ბედი, კულტურა, დამწერლობა და ცივილიზაციური არჩევანი.

17 საუკუნის განმავლობაში ეს რწმენა იყო ჩვენი წინაპრების მთავარი ფარი, რომელმაც შეგვინარჩუნა ენა, მამული და იდენტობა.

ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, სკოლაში ჩატარდა თემატური ღონისძიებები ისტორიის მასწავლებელ დარეჯან ბენდელიანის ხელმძღვანელობით. მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და გაიმართა ღია გაკვეთილები.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დიდი სიამაყით იმოგზაურეს საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს ფურცლებზე, წარმოაჩინეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და მისი როლი ქვეყნის განვითარებაში.

„ვამაყობთ, ჩვენი წარსულით, ვუფრთხილდებით საუნჯეს და ერთად ვქმნით ღირსეულ მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ქვეყნის ისტორიისა და წარსულის პატივისცემას ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203