
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ და ნერგები დარგეს.
სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე აქტიურად ზრუნავენ, ამიტომ ინიციატივა ახარებთ.
„ჩვენი სკოლის უსაყვარლესი პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ ამ პროგრამას“,- გვეუბნებიან სკოლაში.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.
პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.
იხილეთ ფოტოები: