
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, საშუალო საფეხურისთვის სავალდებულო დამამთავრებელი - ანუ მე-11 კლასი იქნება რეპეტიტორიუმი. ასევე ცნობილია, რომ პროფილური სწავლებისთვის მასწავლებლები სპეციალურად გადამზადდებიან, თუმცა ოფიციალურ დონეზე დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
როგორ შეირჩევიან რეპეტიოტრიუმისთვის პედაგოგები? რა სახის გადამზადებას გაივლიან? როგორ მიიღებენ ანაზღაურებას? - ეს კითხვები სასკოლო საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალურია.
მასწავლებლის სახლის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა რადიოეთერში განმარტა, რომ პედაგოგების გადამზადება მათი კომპეტენციაა და მათვე უნდა გასცენ რეკომენდაციები პედაგოგებისთვის, რეპეტიტორიუმში დასასაქმებლად:
„ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლებში შემოდის რეპეტიტორიუმი და ჩართულები ვართ მასწავლებლების მომზადების პროცესში; ჩვენი ცენტრის კომპეტენციაშია მასწავლებლებისთვის ტრენინგების შეთავაზება, ამ ტრენინგების საფუძველზე მათი შერჩევა, რეპეტიტორიუმში დასაქმებისთვის რეკომენდაციების გაცემა და შემდგომ ამ მასწავლებლების გადამზადება იმ საგნების მიხედვით, რომლებიც უნდა შევთავაზოთ ჩვენს მოსწავლეებს დამამთავრებელ კლასში“, - განაცხადა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.