
საქართველოს მთავრობის ინიცირებით, სკოლებში ხორციელდება პროგრამა -„ჩემი პირველი ნერგი“. აღნიშნულ პროგრამას აქტიურად შეუერთდნენ ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელები, მათი მშობლები და მასწავლებლები.
პატარებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
„3 ნოემბერი ზეიმისა და პატარების ისტორიის დაწერის დღედ გადაიქცა. პირველკლასელებმა დიდი მონდომებით, ხალისითა და მოფერებით დარგეს დეკორატიული და მარადმწვანე ნერგები, მიაკრეს ჭიგოებზე, გაუკეთეს ეთიკეტები და მორწყეს...
30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლის დევიზი - „ჩვენ ერთად გავიზრდებით“ მომავალშიც გაგრძელდება და სკოლის კულტურის ნაწილად იქცევა.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.