
თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულების და ცემის ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.
„პირველებისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულში ერთი სკოლის რამდენიმე მოსწავლე ფიგურირებს - ერთ შემთხვევაში მეოთხე კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზეა საუბარი, მეორე შემთხვევაში კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფაქტს არ უარყოფენ არც სკოლაში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. გამოკითხულები არიან მოსწავლეები, მასწავლებლები და მანდატურები.
ამასთან, როგორც ერთ-ერთი სავარაუდო დაზარალებული სკოლის მოსწავლის დედა „პირველებს“ ეუბნება, რომ მშობლებმა მალევე მიაწოდეს ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას, ასევე საქმის კურსშია განათლების სამინისტროც.
მშობლის თქმით, სავარაუდო სექსუალურ ძალადობას მეოთხე კლასელზე სკოლის საპირფარეშოში ჰქონდა ადგილი.
„შიგნით მოხდა ბიჭებს შორის, მეოთხე კლასელზეა საუბარია. ამ სკოლის მოსწავლეები არიან. ორი ბიჭის მხრიდან არის საუბარი სექსუალურ ძალადობაზე. ამ ორმა ბიჭმა შეიყვანა საპირფარეშოში და მოხდა ის", - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.
კიდევ ერთი სავარაუდო დაზარალებულის, სკოლის მოსწავლის დედა ყვება, რომ სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები.
„სკოლის საპირფარეშოში მეექვსე კლასელმა ბავშვმა სცემა მესამე კლასელი ბავშვი. ეს იყო აბსოლუტურად ფიზიკური ძალადობა. ამ ბავშვს, ვისაც დაეხმარნენ საპირფარეშოში, კლასელი დაეხმარა და ზუსტად ეს კლასელი ამოიჩემეს სავარაუდო მოძალადეებმა. მასზე განხორციელდა ზეწოლა საშინელი სიტყვებით და საბოლოოდ, მოხდა ის საზარელი ფაქტი, რაც მოხდა. საუბარია, სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე და იძულებაზე“- ამბობს ბავშვის მშობელი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.