„მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც აგრძნობინებენ, რომ მისი თითოეული მცდელობა მნიშვნელოვანია“-სათხის საჯარო სკოლის დირექტორი აიდა ჩახოიანი
02-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის დირექტორ აიდა ჩახოიანისთვის წარმატებული სასწავლო წლის საფუძველი მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება და მათთვის უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნაა. 

მისი გაკვეთილები ღიმილითა და დადებითი განწყობის შექმნით იწყება. მოსწავლეთა დიდი გულშემატკივარი, მათთან ერთად იზიარებს ყველა მნიშვნელოვან მოვლენასა და ახლის შეცნობის სიხარულს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის დირექტორი აიდა ჩახოიანი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თუ როგორ უნდა დაიგეგმოს გაკვეთილი, რა უწყობს ხელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და როდის არის სასწავლო პროცესი წარმატებული.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ბავშვებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება, მათი გაცნობა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მოსწავლე თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობს.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- მოსწავლეების ასაკობრივ თავისებურებებზე, ინტერესებსა და საჭიროებებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ გავხადო სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი, ინტერესით მონაწილეობენ და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- ღიმილით, დადებითი განწყობითა და ისეთი აქტივობით, რომელიც მოსწავლეებს სწავლის სურვილს უღვიძებს.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- თამაშებს, სახალისო აქტივობებს, თვალსაჩინოებებს, სიმღერებსა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ მაგალითებს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- ამჩნევენ მის წარმატებას, აქებენ, უსმენენ და აგრძნობინებენ, რომ მისი თითოეული მცდელობა მნიშვნელოვანია.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- ბავშვები თამაშით, აღმოჩენებითა და საკუთარი გამოცდილებით სწავლობენ, ხოლო მასწავლებელი მათთან ერთად იზიარებს ამ პროცესის სიხარულს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203