
ახალი eSchool-ის ელექტრონული სისტემა სკოლებს ადმინისტრაციული პროცესების მართვისა და სხვადასხვა პროცედურის ელექტრონულად განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა „კოლეგიური ორგანოების“ მოდული, რომელიც მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის შეფასების პროცესთან დაკავშირებული კომისიების შექმნასა და ადმინისტრირებას ემსახურება.
ახალი მოდულის საშუალებით საჯარო სკოლის დირექტორს ან სისტემაში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მომხმარებელს შეუძლია სკოლის დონეზე შექმნას მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის შეფასების კომისია, დაამატოს წევრები და მართოს კომისიასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
სკოლის კომისია იქმნება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
სკოლას აქვს შესაძლებლობა, კომისია შექმნას სამივე მიმართულებისთვის ერთდროულად ან თითოეული მიმართულებისთვის ცალ-ცალკე.
ეს მიმართულებებია: სწავლა-სწავლება; მართვა-ადმინისტრირება; საგანმანათლებლო კვლევა.
შესაბამისად, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, დირექტორს შეუძლია თავად განსაზღვროს კომისიის შექმნის ფორმატი და სისტემაში შესაბამისი მიმართულება ან მიმართულებები ასახოს.
იხილეთ ახალი eSchool-ის ელექტრონულ სისტემაში სკოლის კომისიის შექმნისა და მართვის ინსტრუქცია