
არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრების გზა ერთ დიდ, ურყევ მსახურებას ჰგავს. ასეთია ქალბატონი ნელი გუჯეჯიანი - პედაგოგი და დირექტორი, რომელმაც აფხაზეთის დაკარგვის ტკივილი თავის მთავარ ძალად და საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულად აქცია. გაგრიდან მისმა ცხოვრებამ სვანეთში, სოფელ მულახში გადმოინაცვლა - აქ მისი ოჯახია.
ქალბატონი ნელი უკვე 35 წელია მულახის საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს და მომავალ თაობებს რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. etaloni.ge-სთან კი გულახდილად საუბრობს იმ გამოწვევებზე, სიხარულსა და ყოველდღიურობაზე, რომლითაც მაღალმთიანი სკოლა ცხოვრობს.
- ქალბატონო ნელი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასწავლო წელი თითქმის ორი თვეა დაიწყო და გარკვეული შეჯამების გაკეთება უკვე შესაძლებელია... რამდენად კმაყოფილი ხართ იმ ცვლილებებითა და სიახლეებით, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაინერგა - იქნება ეს სასკოლო ფორმები, მობილურების შეზღუდვა თუ სასწავლო პროცესი ზოგადად?
- სასწავლო წელი ძალიან კარგად და ორგანიზებულად დავიწყეთ. მობილიზებულები იყვნენ მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეებიც. სკოლა სრულად იყო მომარაგებული წიგნებითა და საჭირო ნივთებით. მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგების დეფიციტი არ გვაქვს და ყველა საგანი სრულად არის დაკომპლექტებული. განსაკუთრებით მადლობლები ვართ მთავრობისა და რესურსცენტრის. რაც შეეხება სიახლეებს, სასკოლო ფორმების დაწესებასა და მობილურების შეზღუდვას, ჩვენთან ამას დიდი გაგებითა და მზაობით შეხვდნენ.
- ინიციატივას ეთანხმებით, ესე იგი...
- მობილურების შეზღუდვა აუცილებელიც კი იყო. სკოლაში სპეციალური ყუთებიც შევიძინეთ და ბავშვებმაც იციან წესი - ტელეფონები ინახება და სწავლას ხელს აღარ უშლის.
- როდესაც პატარა, მაღალმთიან სკოლაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, გამოწვევებიც განსხვავებულია. ზამთრის მკაცრი ბუნება, მიგრაცია და ინფრასტრუქტურული საკითხები... როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს მულახის სკოლა?
– ჩვენი სკოლა სამსართულიანია, დიდი შენობა გვაქვს, რომელიც 350 მოსწავლეზეა გათვლილი, თუმცა მიგრაციის პროცესმა თავისი კვალი დატოვა და დღეს სკოლაში 54 მოსწავლე გვყავს. ზამთარში გზების ჩაკეტვა და დიდთოვლობა ჩვენთვის ჩვეული ამბავია, მაგრამ რეაგირება და გზების გაწმენდა მყისიერად ხდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან გვახარებს, რომ ჩვენი სკოლა საერთო სარემონტო სამუშაოების სიაშია და 900 000 ლარიც არის გამოყოფილი, თუმცა წელს დაგვიანდა და ზაფხულამდე გადაიდო. სკოლაში ვცდილობთ, რომ ბავშვებს კომფორტული გარემო შევუქმნათ: ვართ შეშის ბრეკეტებით მომარაგებულები და გვაქვს ღუმელები, რადგან მთიან რეგიონში დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია ითიშება.
- თქვენს სკოლაში მეგობრული გარემოა თუ მკაცრი, ქალბატონო ნელი?
- ატმოსფერო გამორჩეულად თბილი და ოჯახურია, რადგან ჩვენთან სოფელში ყველა ერთმანეთის ნათესავი, ახლობელი ან ოჯახის წევრია. მოსწავლეებს აკადემიური მოსწრება კარგი აქვთ, რადგან პედაგოგები მაღალკვალიფიციურები და სერტიფიცირებულები არიან, ბევრი მათგანი ახლაც აქტიურად ემზადება სტატუსის ასამაღლებლად. სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში, ბავშვები დადიან ექსკურსიებზე, ეცნობიან საქართველოს ისტორიულ ადგილებს... მთავარია, ბავშვს სწავლის სურვილი ჰქონდეს და გარემოც ხელს უწყობდეს მის განვითარებას.
- როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დირექტორი, როგორ აფასებთ მე-12 კლასის სავალდებულოობის მოხსნასა და მე-11 კლასის რეპეტიტორიუმად გადაკეთებას?
- ეს კარგი და დროული გადაწყვეტილებაა. მე-12 კლასი რეალურად გამეორებითი პერიოდია და ხშირად მოსწავლეებისთვის კარგავს ინტერესს, რის გამოც ბავშვები მაინც რეპეტიტორებთან ემზადებიან. მე-11 კლასის გაძლიერება და რეპეტიტორიუმად ჩამოყალიბება კი მისცემს მათ საშუალებას, რომ სკოლის კედლებშივე მიიღონ აუცილებელი ცოდნა და დამოუკიდებლად აირჩიონ საკუთარი პროფესიული გზა.
- როგორც ვიცით, შვილებსაც ასწავლიდით სკოლაში. როგორ ახერხებდით დირექტორის, მასწავლებლისა და დედის როლების შეთავსებას? იყავით მკაცრი სახლშიც და სკოლაშიც?
- სკოლაში მკაცრი ვიყავი, მაგრამ სამართლიანი - ჩემს შვილებს კი უფრო მკაცრი კრიტერიუმით ვაფასებდი, ვიდრე სხვებს, თუმცა, ამ სიმკაცრის პარალელურად, ყოველთვის შემეძლო მათთვის დედობრივი სითბო და გვერდში დგომა შემეთავაზებინა. ასეთი ვარ ჩემს მოსწავლეებთანაც, მკაცრი, თუმცა კეთილგანწყობილი და მეგობრული - მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ.
ზოგადად კი ჩვენი, პედაგოგების ვალია სკოლაში შევქმნათ თბილი, ოჯახური და განათლებაზე ორიენტირებული გარემო, რათა სოფელი არ დაიცალოს და ბავშვებმა მშობლიური მხარეში იპოვონ საკუთარი თავი.