
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ.
მათ სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
„ჩვენმა ძვირფასმა პირველკლასელებმა თავიანთი სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები ასეთი ლამაზი და მნიშვნელოვანი საქმით აღნიშნეს. ხის დარგვა სიმბოლურია, ეს არის მომავალზე ზრუნვის, სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გამოხატულება. ისევე, როგორც ეს პატარა ნერგები გაიზრდებიან, იხარებენ და გაძლიერდებიან ჩვენს სკოლაში, ასევე გაიზრდებიან და დაფრთიანდებიან ჩვენი პატარებიც.
მადლობას ვუხდით განათლების სამინისტროს, ადგილობრივ მერიას, მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს ამ „მწვანე“ და კეთილშობილურ აქტივობაში მონაწილეობისთვის. ვუსურვებთ ჩვენს პირველკლასელებს, რომ მათი სასკოლო გზა ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებული“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ღირსეულ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ზრდიან.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები: