ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​
02-11-2026

აღმზრდელებისთვის კანონმდებლობით დაწესდა ხელფასის მინიმალური ზღვარი, რომლის მიზანიც ბაღის აღმზრდელების ანაზღაურების საჯარო სკოლების მასწავლებლებთან გათანაბრებაა, - ასე ებრძვიან კანადასა და ირლანდიაში ბაღებში კვალიფიციური კადრის დეფიციტს; მანამდე კი ხელფასების გათანაბრების კანონი, ანუ ე.წ. Wage Parity ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოქმედდა (ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი მექანიზმი სკოლამდელი აღზრდის სფეროში არსებული სისტემური კრიზისისა და კადრების მასობრივი გადინების დასაძლევად).

საქმე ის გახლავთ, რომ ათწლეულების განმავლობაში, ბაღის მასწავლებლები, რომლებსაც გააჩნდათ ზუსტად ისეთივე უმაღლესი განათლება, ბაკალავრის თუ მაგისტრის ხარისხი და სახელმწიფო სერტიფიკატი, როგორიც დაწყებითი კლასების პედაგოგებს, მნიშვნელოვნად ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ. ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, შტატებმა შეიმუშავეს განსხვავებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული გზები, რომლებმაც ოფიციალური სახე ბოლო წლებში მიიღო და მკაცრი ვალდებულებები დააკისრა ადგილობრივ ხელისუფლებებსა თუ საგანმანათლებლო ოლქებს.

ნიუ-იორკში, სადაც ადრეული განათლების სისტემა დიდწილად სათემო ორგანიზაციებზე (CBOs) არის დამოკიდებული, გადამწყვეტი გარდატეხა 2019 წელს მოხდა. შტატის ხელმძღვანელობამ და მასწავლებელთა პროფკავშირებმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ხელფასების ეტაპობრივ გათანაბრებას. ეს სამართლებრივი აქტი ნიუ-იორკის ხელისუფლებას პირდაპირ ავალდებულებს, რომ გამოყოს შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება კერძო და სათემო ბაღებისთვის, რათა მათ შეძლონ სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ზუსტად იმავე საწყისი საბაზისო ხელფასის გადახდა, რასაც საჯარო სკოლების (DOE) სისტემაში მომუშავე მასწავლებლები იღებენ. თუმცა, მიუხედავად საწყისი განაკვეთების გათანაბრებისა, კანონის აღსრულება მაინც აწყდება ბარიერებს, ვინაიდან ბაღის მასწავლებლების ანაზღაურება სტაჟისა და კარიერული წინსვლის მიხედვით ხშირად კვლავ ჩამორჩება სასკოლო ბადეს, ხოლო სოციალური პაკეტები და საპენსიო შეღავათები სათემო სექტორში ისეთივე მყარი არ არის, როგორიც საჯარო სკოლებში.

კალიფორნია პრობლემის გადაჭრას სრულიად სხვაგვარი, უფრო რადიკალური და სტრუქტურული კუთხით მიუდგა, რაც შტატის მასშტაბით გარდამავალი საბავშვო ბაღების, ანუ Transitional Kindergarten (TK) სისტემის გაფართოებას უკავშირდება. 2021 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, კალიფორნიის ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის „გარდამავალი საბავშვო ბაღები“ ყველა 4 წლის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი და უფასო გახადოს. რაც ნიშნავს, რომ სკოლამდელი განათლების ეს საფეხური პირდაპირ და სრულად იქცევა საჯარო სასკოლო განათლების სისტემის (K-12) ნაწილად. შესაბამისად, კანონი ადგილობრივ საგანმანათლებლო ოლქებს (School Districts) იურიდიულად ავალდებულებს, რომ ნებისმიერი TK-ის მასწავლებელი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი და შესაბამისი ლიცენზია, ავტომატურად ჩასვას საჯარო სკოლის მასწავლებელთა ერთიან სახელფასო ბადეში. კალიფორნიაში ამ პროგრამაში მომუშავე ადრეული ასაკის პედაგოგები იღებენ ზუსტად იმავე ხელფასს, სამუშაო გრაფიკს, საზაფხულო არდადეგებსა და სრულფასოვან ბენეფიტებს, რასაც 1-4 კლასების მასწავლებლები. ამ მიდგომამ პრაქტიკულად გააორმაგა ბევრი კვალიფიციური პედაგოგის შემოსავალი, თუმცა ახალი გამოწვევა შეუქმნა იმ კერძო ბაღებს, რომლებიც სახელმწიფო სასკოლო სისტემის მიღმა დარჩნენ და დაფინანსების სიმცირის გამო კადრების დეფიციტს განიცდიან.

ხელფასების გათანაბრების კანონმდებლობა შტატების მესვეურებს სთხოვს უზრუნველყონ არა მხოლოდ ფინანსური რესურსების მობილიზება, არამედ მკაცრი კონტროლი მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე. მაგალითად, კალიფორნიის კანონმდებლობა მასწავლებლებისგან საჯარო სკოლის სერტიფიკატთან ერთად დამატებით ითხოვს ადრეული განათლების ან ბავშვის განვითარების მიმართულებით სპეციალურ საუნივერსიტეტო კრედიტებს. ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში მიღებული ეს რეგულაციები აჩვენებს, რომ სახელმწიფო დონეზე სკოლამდელი ასაკის ბავშვის განათლება აღარ აღიქმება უბრალო „მოვლად“ ან ბაღის სერვისად. ამ კანონების მიღებით ხელისუფლებამ აღიარა, რომ 3-4 წლის ბავშვის სწავლება ისეთივე აკადემიური და საპასუხისმგებლო შრომაა, როგორც სასკოლო განათლება, და სახელმწიფო ვალდებულია პედაგოგებს კვალიფიკაციიდან გამომდინარე, თანაბარი ეკონომიკური გარანტიები შეუქმნას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203